აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_VII_პირველ საუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებანი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა - მართლად სავალი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი VII
____________________________________________________________________________________________________________________

პირველ საუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებანი

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძე მაცხოვრის წყალდასხმითი ნათლისღების დამატებით, მაგრამ უტყუარ წყაროდ პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებსაც მიიჩნევს და რამდენადაც მათ აღიქვამს ქრისტეს ნათლობის ლამის ფოტოგრაფიულ ასახვად, ამტკიცებს, თითქოსდა მაცხოვარი იორდანეში დასხმითად მოინათლა.

ჩვენ უკვე ვნახეთ ე. ჭელიძის ამგვარი მტკიცებულების უსაფუძვლობა. ვნახეთ ისიც, რაოდენი სიცრუით უდგება ის ძველქართულ ლიტურგიკულ წყაროებს, როგორ მალავს იორდანეში ქრისტეს ნათლობის წმიდა მამებისეულ და თვით მისი ეკლესიის ღვთისმეტყველთა სწავლებას, რომლის მიხედვითაც ქრისტე სწორედაც რომ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით. ახლა კი შევხედოთ პირველ საუკუნეთა იმ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებზეც გამოსახულია ნათლობა და რომლებზეც ქრისტე წყალში დგას კოჭებამდეც, მუხლებამდეც, წელამდეც და კისრამდეც კი.

იმისათვის, რათა კარგად გავერკვეთ, პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების დამოწმებით რა სახის არგუმენტაციასთან გვაქვს საქმე, რომელთაც ე. ჭელიძე ერთგან "ხატმწერლობასაც" კი უწოდებს, საჭიროდ მივიჩნევთ, ორიოდე სიტყვით მაინც განვმარტოთ თუ რა არის საკუთრივ ხატმწერლობა და რა შეიძლება ითქვას პირველსაუკუნეთა ქრისტეანულ ხელოვნებაზე, კონკრეტულად ქრისტეანული სიუჟეტების გრაფიკულ გამოსახულებებზე. ასევე, თუ რა განსხვავებაა პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებსა და გვიანდელ მართლმადიდებლურ ხატმწერლობას შორის.

ჩვენთვის ფრიად ღირებულია და ძვირფასი წმიდა მამათა ეპისტოლური მემკვიდრეობა და ლიტურგიკა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქრისტეანული არქეოლოგიის ის სფერო, რომელსაც პირველსაუკუნეთა ეკლესიის ხელოვნება განეკუთვნება. ჯეროვანი იქნება, შევეხოთ ამ განსხვავებათა მიზეზს და ვიხილოთ ე. ჭელიძის მორიგი, ფალსიფიკატორული გამომგონებლობა.

***

ეკლესია არის ჭეშმარიტების საცავი, რადგან მას განაცხოველებს სულიწმიდა და მასთან ერთად, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, იმყოფება მისი მაცხოვარი (მათე 28:20), ამიტომაც შეუძლებელია ეკლესია (ამ სიტყვის სრული გაგებით) ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს. Gვინდა, ჩვენს მორწმუნეებსაც განვუმარტოთ თუ რატომ არის პირველქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე მაცხოვრის ნათლისღება გამოსახული ამგვარი სახით და არავის მივცეთ ქრისტეანთა გმობისა და დაცინვის შესაძლებლობა, მცირედით მაინც განვმარტოთ, როგორ უნდა აღვიქვათ პირველქრისტეანული და გვიანდელი ქრისტეანობის (მართლმადიდებლობის) გრაფიკული და ხატმწერლობითი ხელოვნება და რატომ არის მაცხოვრის გრაფიკულ-ხატმწერლობით გამოსახულებებს შორის ასეთი განსხვავება.

თავიდანვე, სანამ ე. ჭელიძის მიერ თავის წიგნში დამოწმებულ პირველსაუკუნეთა კონკრეტულ გრაფიკულ გამოსახულებებსა და გვიანდელ ხატწერის ნიმუშებს შევეხებოდეთ,  უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტეანული ხატმწერლობის აღქმა ისე, როგორც ამას ე. ჭელიძე გვთავაზობს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც პირველქრისტეანული ხელოვნების, ასევე გვიანდელი მართლმადიდებლური ხატმწერლობის პრინციპებსაც. ე. ჭელიძე ქრისტეანულ ხატწერას იმგვარი გამოსახულების, იმგვარი შინაარსის მატარებლად ასაღებს, რომელიც მას არც არასოდეს ჰქონია და არც შეიძლება ჰქონდეს. ამ საკითხში უკეთ  გასარკვევად ჯეროვანი იქნება გავეცნოთ ზოგადად ხატწერის ძირითად, მნიშვნელოვან დანიშნულებებს, ხოლო კონკრეტულად, უფლის ნათლისღების ხატწერითად გამოცხადებულ დოგმატიკას და ამის შემდეგ ვნახოთ, როგორ განმარტებას აძლევს ე. ჭელიძე პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი მიდგომა ამ საკითხისადმი დილეტანტური და არამართლმადიდებლურია.

რა არის ხატმწერლობა? მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რუსეთის ახალმოწესეობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ვიკარიუსი, ღვთისმეტყველი, პატროლოგი, საეკლესიო ისტორიკოსი და პედაგოგი, ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში ლექციით გამოსვლის დროს ხატის სხვადასხვა მნიშნვნელობებზე მსჯელობისას ამბობდა: «"უპირველეს ყოვლისა ხატი თეოლოგიურია. ხატის თეოლოგიურობა განპირობებულია იმით, რომ ის ფერწერის ენაზე მსჯელობს იმ დოგმატურ ჭეშმარიტებებზე, რომლებიც ადამიანებს წმიდა წერილითა და საეკლესიო გადმოცემით ეცხადება.

წმიდა მამები ხატს უწიგნურთა სახარებას უწოდებდნენ.
"გამოსახულებები გამოიყენება ტაძრებში, რათა, ვინც უწიგნურია და კითხვა არ იცის, უკიდურეს შემთხვევაში კედელზე მაცქერალმა მაინც წაიკითოს ის, რისი წაკითხვაც წიგნებში არ შეუძლია", - წერდა რომის წმიდა პაპი, გრიგოლ დიდი (540-604)) (Святитель Григорий Великий. Письма. Кн. 9. Письмо 105, к Серену (PL 77, 1027-1028)).  ღირ. იოანე დამასკელის თქმით: "გამოსახულება არის შეხსენება: და რაც წიგნია მათთვის, ვისაც წერა და კითხვა შეუძლია, იგივეა ხატი უწიგნურთათვის; და რაც სმენისთვის არის - სიტყვა, იგივეა მხედველობისთვის გამოსახულება; გონებითი ჭვრეტით ჩვენ ვუერთდებით მას" (Преподобный Иоанн Дамаскин. Первое защитительное слово против порицающих святые иконы, 17). ღირ. თევდორე სტოდიელი (759-826) აღნიშნავს: "რაც სახარებაში ქაღალდითა და მელნით არის გამოსახული, ის ხატზე სხვადასხვა ფერის საღებავით ან სხვა მასალით გამოისახება"  (Преподобный Феодор Студит. (PG 99, 340)). VI მსოფლიო კრების (787 წ.) საქმეებში ნათქვამია: "რასაც სიტყვა გვამცნებს სმენის მეშვეობით, იმას ფერწერა გვაჩვენებს გამოსახულებით".

ხატები მართლმადიდებლურ ტაძარში კატეხიზმურ როლს თამაშობენ. "თუ შენთან მოვა ვინმე წარმართი, და გეტყვის: "მიჩვენე შენი სარწმუნოება"... წაიყვანე ეკლესიაში და დააყენე წმიდა გამოსახულებათა წინაშე", -ამბობს ღირ. იოანე დამასკელი (Преподобный Иоанн Дамаскин. Цит. по: В. Лазарев. Византийская живопись. М., 1997. С. 24). ამავე დროს, ხატი არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სახარების ან ეკლესიის ცხოვრების უბრალო ილუსტრაცია. "ხატი კი არ გამოსახავს, არამედ აცხადებს", -  ამბობს არქიმანდრიტი ზინონი (თეოდორი) (Архимандрит Зинон (Теодор). Беседы иконописца. СПб., 2003. С. 19). უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანებს უცხადებს უხილავ ღმერთს, რომელიც, მახარობელის თქმით, "არავის არასოდეს უხილავს", მაგრამ გამოეცხადა ღმერთკაც იესუ ქრისტეს სახით (იოანე 1:18).  ... ამ საღვთისმეტყველო გამოხატულებამ საბოლოო ფორმულა მიიღო VIII-IX საუკუნეებში, ხატმებრძოლური მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, თუმცა იმპლიციტურად (დაფარულად, გამოუაშკარავებლად - არქიეპ. პ.) ყოველთვის იმყოფებოდა ეკლესიაში მისი არსებობის პირველივე საუკუნეებიდან. უკვე რომის კატაკომბებშივე ვხვდებით ქრისტეს გამოსახულებას - როგორც წესი, ამა თუ იმ სცენების კონტექსტში.  ... ქრისტეს იკონოგრაფიული სახე საბოლოოდ ხატმებრძოლებთან დავის პერიოდში ყალიბდება. პარალელურად ეკლესია იძლევა იესუ ქრისტეს იკონოგრაფიის საღვთისმეტყველო დასაბუთებას. ... ბიზანტიური ხატი წარმოგვიდგენს არა მარტო ადამიან იესუ ქრისტეს, არამედ სწორედაც რომ განკაცებულ მაცხოვარს. ამაშია ხატის განსხვავება რენესანსული ფერწერისგან, რომელიც ქრისტეს "გაადამიანურებულს", ჰუმანიზირებულს ხატავს. ამ განსხვავების კომენტირებისას, ლ. უსპენსკი წერდა: "ეკლესიას "აქვს თვალები, რათა იხილოს", ისევე როგორც "აქვს ყურები, რათა ისმინოს". ამიტომ სახარებაშიც, რომელიც ადამიანური ენით არის დაწერილი, მას ესმის ღმრთის სიტყვა. ასევე, ქრისტესაც ხედავს მისი ღვთაებრიობისადმი ურყევი რწმენის მხედველობით.ამიტომაც წარმოაჩენს ის ხატებზე ქრისტეს არა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ როგორც ღმერთკაცს მთელი თავისი დიდებულებით, თუნდაც მისი უკიდურესი გათანგვის მომენტებშიაც კი...  სწორედ ამიტომაც მართლმადიდებლური ეკლესია თავის ხატებში არასოდეს აჩვენებს ქრისტეს, როგორც უბრალო ადამიანს, რომელიც იტანჯა ფიზიკურად და ფსიქიკურად, როგორც ამას აკეთებს დასავლური რელიგიური ფერწერა" (Л. Успенский. Богословие иконы в Православной Церкви. С. 120).

"ხატი განუყრელად არის დაკავშირებული დოგმატთან და მისი წარმოდგენა დოგმატური კონტექსტის გარეშე წარმოუდგენელია. მხატვრული საშუალებების, ანუ ხატწერის დახმარებით გადმოიცემა ქრისტეანობის ისეთი ძირითადი დოგმატები, როგორიც არის  წმიდა სამება, ღმრთის განკაცება, ადამიანის ცხოვნებაა და განღმრთობა. ... სახარებისეული ისტორიის მრავალი მოვლენა ფერწერაში, უპირველეს ყოვლისა, დოგმატურ კონტექსტში განიმარტება. მაგალითად, კანონიკურ მართლმადიდებლურ ხატებზე არასოდეს გამოისახება ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, არამედ მხოლოდ მისი ამოსვლა ჯოჯოხეთიდან და მის მიერ იქიდან ძველაღთქმისეულ მართალთა ამოყვანა. კუბოდან ამდგარი ქრისტეს ხატი, რომელსაც არცთუ იშვიათად ხელში ბაირაღი უჭირავს, საკმაოდ გვიანდელი წარმოშობისაა და გენეტიკურად დასავლურ ფერწერას უკავშირდება. მართლმადიდებლურმა გადმოცემამ იცის მხოლოდ ქრისტეს ჯოჯოხეთიდან აღმოსვლის ხატი, რომელიც შეესაბამება ქრისტეს აღდგომის ლიტურგიკულ მოგონებას და ოქტოიხისა და ზატიკის საღვთისმსახურებო ტექსტებს, რომელნიც ამ მოვლენას დოგმატური თვალსაზრისით ხსნიან" (Богословие иконы в Православной Церкви. Лекция митрополита Волоколамского Илариона в Свято-Владимирской духовной семинарии. http://www.patriarchia.ru/db/text/1403321.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

ხატის ანთროპოლოგიური ხასიათის აღწერისას მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ "თავისი შინაარსით ყოველი ხატი ანთროპოლოგიურია. არ არსებობს არც ერთი ხატი, რომელზეც გამოსახული არ იყოს ადამიანი, იქნება ეს ღმერთკაცი იესუ ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თუ რომელიმე წმინდანი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ სიმბოლური გამოსახულებები, ასევე ანგელოზთა ხატები (თუმცა, თვით ანგელოზებიც კი ხატებზე ადამიანთა მსგავსად გამოისახებიან). არ არსებობს ხატი-პეიზაჟი, ხატი-ნატურმორტი. ლანდშაფტი, მცენარეები, ცხოველები, ყოფითი საგნები - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ხატზე, თუ ამას სიუჟეტი ითხოვს, მაგრამ ნებისმიერი იკონოგრაფიული გამოსახულების მთავარი გმირი მაინც ადამიანია.

ხატი პორტრეტი როდია, ამიტომაც მას არა აქვს ამა თუ იმ წმინდანის გარეგნობის ზუსტი გადმოცემის პრეტენზია. ხატი ადამიანს წარმოაჩენს მის ფერისცვალებაში, განღმრთობილ მდგომარეობაში. "ხატი, -  წერს ლ. უსპენსკი, - ეს არის ადამიანის გამოსახულება, რომელშიც რეალურად მყოფობს ვნებათა მწველი და ყოვლისგანმწმენდელი მადლი სულიწმიდისა. ხატი აჩვენებს არა იმდენად პროცესს, რამდენადაც შედეგს, არა იმდენად გზას, რამდენადაც დანიშნულების პუნქტს, არა იმდენად მოძრაობას მიზნისკენ, რამდენადაც თვით მიზანს. ხატზე ჩვენს მზერას წარუდგება არა ვნებებთან მებრძოლი, არამედ ვნებათა დამთრგუნველი, უკვე გამარჯვებული და ძლევამოსილი ადამიანი" (იქვე).

"ამავე მიზეზის გამო წმინდანები ხატებზე არასოდეს გამოისახებიან პროფილში, არამედ თითქმის ყოველთვის სახის წინა ნაწილით. ხოლო თუ ამას სიუჟეტი აუცილებლად საჭიროებს, ნახევრად პროფილში. პროფილში გამოისახებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც არ მიეგება თაყვანისცემა, ანუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები (მაგალითად, მოგვები), ან კიდევ უარყოფითი პერსონაჟები, მაგალითად, იუდა გამყიდველი საიდუმლო სერობაზე. ცხოველები ხატებზე ასევე გამოისახებიან პროფილში, როგორც, ვთქვათ, გველი, რომელსაც გმირავს წმინდანი, მაშინ როდესაც თვით წმინდანი სახით მაყურებლისკენ არის მოქცეული.

ხატი გაურბის ტკივილისა  და ტანჯვის ნატურალისტურ გამოხატვას. ის მიზნად არ ისახავს მაყურებელზე ემოციურ ზემოქმედებას. ხატისთვის, საერთოდ, უცხოა ყოველგვარი ემოციურობა. სწორედ ამიტომაც მაცხოვრის ჯვარცმის ბიზანტიურ და რუსულ ხატებზე, მისი დასავლური ანალოგებისგან განსხვავებით, ქრისტე გამოისახება მკვდრად, მაგრამ არა ტანჯულად. ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები ჯვარზე იყო: "აღსრულდა" (იოანე 19:30). ხატი აჩვენებს იმას, რაც მოხდა ამის შემდეგ და არა იმას, რა უსწრებდა წინ ამ სიტყვებს. არა პროცესს, არამედ შედეგს: ხატი მოვლენის აღსრულებას აღწერს.

ტკივილი, ტანჯვა, აგონია - ეს არის ის, რაც ასე იზიდავდა ტანჯული ქრისტეს პიროვნებაში რენესანსის ეპოქის დასავლელ ფერმწერთ - მართლმადიდებლურ ხატზე ეს ყველაფერი კადრს მიღმა რჩება. ჯვარცმის მართლმადიდებლურ ხატზე წარმოდგენილია მკვდარი ქრისტე, რომელიც, მიუხედავად ამისა, ისევე მშვენიერია, როგორც იმ ხატებზე, სადაც ის ცოცხალია"
(Богословие иконы в Православной Церкви. Лекция митрополита Волоколамского Илариона в Свято-Владимирской духовной семинарии) (იქვე).

მკითხველს ბოდიშს ვუხდით ამ ვრცელი ამონაწერის მოტანისთვის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ლექციიდან, მაგრამ, რადგან ეს ყოველივე მჭიდრო კავშირშია ჩვენს საკითხთან და ამავე დროს, აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს სიმბოლიზმს ხატმწერლობაში და რაოდენ მნიშვნელოვანია მისი სულიერი და არა "ფოტოგრაფიული" გააზრება, საჭიროდ ჩავთვალეთ ამ საყურადღებო ადგილების ამოწერა.

უნდა გაითვალისწინოს ეს პროფესორმა ე. ჭელიძემაც და მომავალში მაინც უფრო მეტი სარწმუნოებრივი ხედვით, მართლმადიდებლური სულისკვეთებით მიუდგეს პირველსაუკუნეთა და გვიანდელ საუკუნეთა ხატმწერლობის ნიმუშებზე ასახულ მოვლენებს და არა ლათინურ- პროტესტანტულად, რომლებიც, როგორც მის მიერვე დამოწმებულ დასავლელ მეცნიერთა განმარტებებიდან ჩანს, მეტად რეალისტური და "ფოტოგრაფიულია".

ეს არც არის გასაკვირი. ვინ ვინ, მაგრამ ე. ჭელიძემ მაინც ხომ უნდა უწყოდეს, რა განსხვავებაა, ერთი მხრივ, პროტესტანტულ, გინდ ე. წ. "კათოლიკურ" და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლურ სულიერებას შორის, რომელიც არა მარტო თვით ამ რელიგიურ აღმსარებლობათა ხელოვნებაზე აისახება, არამედ ძველი ხელოვნების ნიმუშთა აღქმაშიაც ვლინდება. მართლმადიდებელი მათ მართლმადიდებლურად ხედავს, პროტესტანტნი და ლათინნი კი მათთვის დამახასიათებელი პრაგმატულობით აფასებენ, ხოლო პრაგმატიზმი, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტებად აღიარებს იმას, რაც პრაქტიკულად სასარგებლოა და არა იმას, რაც ობიექტურად ჭეშმარიტია. ე. ჭელიძის ხედვაშიც ამგვარი პრაგმატული. ასე ვთქვათ, მისთვის მომგებიანი მიდგომა აშკარავდება და არა ობიექტური ჭეშმარიტების ხედვის წყურვილი.

სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა ფერწერაში. რადგან ვლაპარაკობთ ნათლობასა და მისი აღსრულების ფორმაზე, რომლის ფოტოგრაფიულ ასახვად ე. ჭელიძეს მიუჩნევია ნათლობის სიუჟეტის მქონე პირველქრისტეანული ფერწერული ხელოვნება, უნდა დავსვათ შეკითხვა: რამდენად სავალდებულოა, პირველქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე სიუჟეტი ან ობიექტი გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რეალისტურად, ანუ ფოტოგრაფიულად? და საერთოდ, რა უნდა აღვიქვათ პირდაპირი მნიშვნელობით და რა სიმბოლურად?

რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ მხატვარი, რომელიც ბიბლიურ (ახალაღთქმისეულ) სიუჟეტს გრაფიკულად ან ფერწერულად აღწერს, მიზნად ისახავს მისი ისტორიული ჭეშმარიტების ჩვენებას ან გამოსახავს მას მაქსიმალური სიზუსტით, ისე, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა, მაგრამ არც იმის უარყოფაა შესაძლებელი, რომ ამგვარ ნახატებზე საგნებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეთ და ისინი სულაც არ წარმოადგენდნენ ასახული მოვლენის ფოტოგრაფიულ (რეალისტურ) გამოხატულებას. აქედან გამომდინარე, ისეთი სიმბოლოები, როგორიც არის წყალი, მდინარე, ჩანჩქერი და სხვა, უკვე სულ სხვა შინაარსს იძენენ და მათი მექანიკური, ძალდატანებითი დაკავშირება დასხმით ნათლობასთან, ვფიქრობთ დაუშვებელია. თუმცა ასე არ მიაჩნია ეს ე. ჭელიძეს, - რაკიღა თავისი აკვიატებული იდეის (დასხმითი ნათლობის კანონიკურობის) დამტკიცება სურს, ამ მიზნის განსახორციელებლად პირველქრისტეანთა აკლდამებზე, კატაკომბებზე თუ სხვა ადგილებზე გამოსახულ გრაფიკულ გამოსახულებებს ფოტოსურათებივით იმოწმებს.

მსგავსი დამოკიდებულება რომ მცდარია, ამას სიმცდარეს თვით გამოსახულებები გვიმტკიცებს, რადგან მათზე ერთი და იგივე მოვლენა (მაგალითად, მაცხოვრის ნათლობა) სულ სხვადასხვაგვარად არის გამოხატული, რაც ზუსტი, ფოტოგრაფიული ასახვის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაცხოვარი, რომელიც შევიდა იორდანეში და მოინათლა, ცხადია სხვადასხვაგვარად ვერ მოინათლებოდა, როგორც ამას პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებსა და ხატმწერლობის გვიანდელ ნიმუშებზე ვხედავთ, სადაც ქრისტე ზოგან კოჭებამდე წყალში დგას, ზოგან წელამდე, ზოგან კი მკერდამდე. არსებობს ხატები (მაგალითად, X ს. ბიზანტიური ხატი. იხ. სურ. ქვემოთ), სადაც იოანე ნათლისმცემლის წინაშე ქრისტე წყალში დგას კისრამდე. ე. ჭელიძე, რომელსაც კარგად ესმის თავისი პროპაგანდის სიმყიფე, იძულებულია აღიაროს, რომ "საუკუნეებთან ერთად წყლის დონე თანდათანობით მაღლდება" (ე. ჭ. "სული ცხოველი", თბ. 2012, გვ. 529), თუმცა აქედან არანაირი დასკვნა არ გამოაქვს.



ბასილი II-ის მენოლოგიონის მინიატიურა. კონსტანტინოპოლი. 985 წ.



მინიატიურა იმპერატორის მენოლოგიონიდან ((cod. Walters 521), XI ს.

"ნათლისღების ამსახველი გრაფიკული ძეგლების უდიდესი ნაწილის ქრონოლოგიური განხილვა, -  წერს ე. ჭელიძე, - მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ, ზოგადი სახით, წყლის დონე თანდათანობით მაღლდება, რაც უფრო გვიანდელ ნიმუშთან გვაქვს საქმე (ჯერ კოჭებამდე ჩანს წყალი, შემდეგ მუხლამდე, შემდეგ თეძოებამდე, შემდეგ წელს ზემოთ, შემდეგ მკერდამდე, ბოლოს კი კისრამდე, რის პარალელურადაც სახეზეა აგრეთვე სრული ჩაძირვა)" (ე. ჭ. "სული ცხოველი", თბ. 2012, გვ. 529).

ცხადია, აქ იგულისხმება ის, რომ IV საუკუნის შემდგომ ხატებზე მაცხოვარს იორდანეში უკვე გამოსახავენ არა მუხლებამდე წყალში, არამედ წელამდე, შემდეგ მკერდამდე და კისრამდეც კი (როგორც ეს იყო სინამდვილეში). მაგრამ რა დასკვნას აკეთებს აქედან ბ- ნი ე. ჭელიძე? ის არავითარ დასკვნას არ აკეთებს, უბრალოდ ახდენს ფაქტის კონსტატაციას, რომ "წყლის დონე თანდათანობით მაღლდება". ამის კომენტარს კი ის არ ან ვერ აკეთებს, რადგან აწყდება გადაულახავ წინააღმდეგობას. კერძოდ, თუ პირველი საუკუნეების გრაფიკული გამოსახულებები ზუსტად ასახავენ კოჭებამდე იორდანეში მდგომი მაცხოვრის ნათლობის ვითარებას და გრაფიკული გამოსახვით გვასწავლიან ქრისტეს ნათლობის სახეს (დასხმას, რადგან კოჭებამდე წყალში კაცი სრულიად მართლაც ვერ შთაიფლება), მაშინ ცრუობენ გვიანდელი ხატები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში "წყლის დონე თანდათანობით მაღლდება" და მაცხოვარი ხან წელამდე წყალში გამოისახება, ხან კიდევ იორდანეს წყალი კისრამდე წვდება.

მაინც რას უნდა ნიშნავდეს ამგვარი მრავალსახოვნება? რას ნიშნავს "წყლის დონის თანდათანობით ამაღლება"? ნუთუ ეკლესია, რომელიც ხატებით დოგმატურ ჭეშმარიტებას გვიქადაგებს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება? ან რომელი გამოსახულებაა ჭეშმარიტი - პირველსაუკუნეებისა თუ გვიანდელი? თუ არ გავითვალისწინებთ ქრისტეანულ ხელოვნებაში სიმბოლიზმის მნიშვნელობას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი გახდება. ამიტომაც, საკითხის არსში გასარკვევად ორიოდე სიტყვით უნდა შევჩერდეთ სიმბოლოთა დანიშნულებაზე.

სიმბოლო (ბერძნ. σύმβολον "ნიშანი") - ეს არის "გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტი - საგანთა თვისება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლო აღქმად-მატერიალურ სახეს აძლევს აზროვნების პროცესებს და ამით იძლევა ცოდნის დაგროვების, შენახვისა და გადაცემის საშუალებას. ზოგჯერ სიმბოლოს იყენებენ "პირობითი ნიშნის" სინონიმად და განსაზღვრავენ მას, როგორც აშკარა შეთანხმებით შემოღებულ ნიშანს" (https://ka.wikipedia.org/wiki/სიმბოლო)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

სიმბოლო - ეს არის ნიშანი, რაიმე საგნის ან ცხოველის გამოსახვა ობიექტის თვისების აღსანიშნად; ეს არის რაიმე ცნების, იდეის ან მოვლენის პირობითი ნიშანი. "1. ძველ ბერძნებში სიმბოლო გამოიყენებოდა საზოგადოებრივი ჯგუფის ან საიდუმლო საზოგადოების პირობით, ნივთიერ ამოსაცნობ ნიშნად და ა. შ. 2. ეს არის ნივთიერი  ან პირობითი (გრაფიკული, ხმოვანი) ნიშანი, რომელიც მიანიშნებს ან შეგვახსენებს რაიმე ცნებას; ეს არის ხატი, რომელიც განასახიერებს რაიმე იდეას" (Словарь иностранных слов. Москва 1955 г. стр. 636).

აქედან გამომდინარე, სიმბოლიზაცია - ეს არის რაიმე მოვლენის აღნიშვნა მასთან დაკავშირებული პირობითი ნიშნების გამოყენებით. მაგალითად, ნათლობის სიმბოლიზაცია გამოიხატება წყალში შესული ადამიანის გამოსახვით და ასეთ შემთხვევაში (თუ საქმე არ გვაქვს გამოხატული მოვლენის პირდაპირ, რეალისტურ, "ფოტოგრაფიულ" ასახვასთან), სულაც არ არის სავალდებულო ეს ნათლობა აისახოს წყლის სიღრმეში შესული ადამიანის დახატვით. ნათლისღების გამოსახულება, სადაც მოსანათლს წყალი წვდება კოჭებამდე, როგორც სიმბოლო, უკვე წარმოადგენს ნათლისღების საიდუმლოს, ამიტომაც, სიმბოლურ ნახატებზე სულაც არ არის სავალდებულო, ნათლისღება მისი სრული გარეგანი ფორმით გამოიხატოს, რადგან "სიმბოლიკა, - როგორც უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვკითხულობთ, - წარმოადგენს იდეის, ცნების ან გრძნობის გამოხატვას პირობითი ნიშნებით (სიმბოლოებით") (იქვე).

სიმბოლოს შესახებ შეიძლება ითქვას ისიც, რომ ეს არის მარადიულისა და ჭეშმარიტის გამოსახვა დროებითითა და წარმავალით (მაგალითად, მარადიული მადლი შეიძლება გამოხატულ იქნას ჩვენი გონებისთვის მისაწვდომი, ქმნილი ბუნებიდან აღებული სიმბოლოებით). სიმბოლო გვეხმარება რელიგიური ჭეშმარიტებების წვდომაში, ამიტომაც, გარემომცველ სამყაროს, ქმნილ ბუნებას ის მარადიული ჭეშმარიტების გამოსახატავ ემბლემად იყენებს.

"სიმბოლო შეიძლება იყოს ესთეტიკური, რელიგიური, თეურგიული (მაგიური)… მისი ძირითადი დანიშნულებაა, მიანიშნოს მოვლენაზე, პიროვნებაზე ან საზოგადოებაზე. ასეთ შემთხვევაში ერთსა და იმავე სიმბოლოებს შეიძლება სხვადასხვა გამოყენება ჰქონდეს (გამომდინარე იქიდან, თუ ვინ და რა მიზნით იყენებს მათ). მოკლედ რომ ვთქვათ, სიმბოლიზმი, როგორც ხელოვნება, გვეხმარება, შევიმეცნოთ მიწიერისა და წარმავალის სფეროში არსებულის კავშირი და საზრისი ზეციერთან და მარადიულთან" (Энциклопедия символов, знаков, эмблем. Москва. 1999 г. Стр. 9- 10).

სიმბოლოებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ისტორიაში და ვითარდებოდა თავისი ეპოქის კულტურასთან ერთად. მაგალითად, შუა საუკუნეების ადამიანის მსოფლმხედველობა და სამყაროს აღქმა განსხვავდება თანამედროვისგან და გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რომელთა ცოდნის გარეშე შეუძლებელია იმ დროის ფერწერული ნამუშევრების სრულყოფილი აღქმა. სიმბოლოს სტრუქტურა მიმართულია იმისკენ, ყოველი კერძო მოვლენა შთაფლას "პირველსაწყისი" ყოფიერების სტიქიაში და მისი მეშვეობით გამოხატოს მთლიანობა. არ შეიძლება სიმბოლოს აზრის გაშიფვრა გონებრივი ძალისხმევით, მას უნდა "შეერწყა", ამის გასაკეთებლად კი საჭიროა სიმბოლოს ცოდნა. სიმბოლო გარკვეულწილად მითსაც ენათესავება; ისიც ხომ გარკვეული მითია, რადგან მითოლოგიის სოციალური და კომუნიკაციური ფუნქციები შეითვისა.

სიმბოლოები - ეს არის შეცნობადი ელემენტები, რომლებიც კონკრეტულ მნიშვნელობას, იდეას, ცნებას გადმოსცემენ. ის სანდო "ენაა" ყველა სახის ვიზუალურ კულტურაში, განსაკუთრებით კი ფერწერაში. უეჭველია, რომ ზოგიერთი სიმბოლო სხვადასხვა ერში დამოუკიდებლად აღმოცენდა; მრავალი მსგავსი სიმბოლო შეიძლება საერთო ფსიქოლოგიური და კულტურული მიზეზებით აიხსნას (მაგალითად, როდესაც მზის სიმბოლოს ბორბლის სახით გამოსახავენ, ელვას კი უროს სახით); მაგრამ მრავალ შემთხვევაში შეიმჩნევა ხალხთა კულტურული ურთიერთზეგავლენა და სიმბოლოების გადაცემა კულტურული და სავაჭრო გზების, ფულადი მიმოქცევის, რელიგიური წარმოდგენების მეშვეობით. მრავალმა სიმბოლომ მიიღო უვრცელესი მნიშვნელობა (მაგალითად, ჯვრის, არწივის, თევზის სიმბოლოებმა); წმ. გიორგი მახვილით კლავს დრაკონს; წმინდანთა გამოსახულებას გარს აკრავს ნიმბი და სხვა. სიმბოლო მიმართულია არა მარტო ადამიანის გონების, არამედ გრძნობებისკენაც მისი ქვეცნობიერებისკენაც, და რთულ ასოციაციებს ბადებს; ის ხშირად დამოკიდებულია ეპოქაზე, ამა თუ იმ ერის რელიგიასა და კულტურაზე. სიმბოლო თუ მრავალმნიშვნელოვანია, მაშინ მისი მნიშვნელობებიდან უნდა ავიღოთ მხოლოდ ის, რაც კონკრეტულ ეპოქას, მის საზოგადო წყობას, სურათის სულისკვეთებას შეესაბამება.

სიმბოლო შეიძლება აღვნიშნოთ რიცხვით, თვისებით, ფორმით. მაგალითად, რიცხვი 7 - სრულყოფილების და დასრულების სიმბოლოა (ცისარტყელას შვიდი ფერი, შვიდი ნოტა, კვირის შვიდი დღე, შვიდი სათნოება, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და ა. შ.); ცისფერი ყოველივე სულიერის სიმბოლოა; წრე - მზესა და მთვარესაც მოგვაგონებს და საღმრთო სრულყოფილებასაც. სიმბოლოთა სხვა ჯგუფს წარმოადგენს საგნები, მოვლენები ან მოქმედებები, ასევე მხატვრული სახეები, რომლებიც რომელიღაც იდეას გადმოსცემს. მაგალითად, ზეთისხილის რტო მშვიდობის სიმბოლოა, ნარცისის ყვავილი - სიკვდილისა, ყრმა - ადამიანის სულისა. ნათელი სულიერი განათლების სიმბოლოს წარმოადგენს, ასევე ღვთიური მადლისას. ცისარტყელა(მიწისა და ცის კავშირი) ღმრთისა და ადამიანის შერიგების სიმბოლოა, მისით ადამიანთა ცოდვების მიტევება გამოიხატება. ქსოვა ან ფეიქრობა სამყაროს შექმნისა და ყოველივე არსებულის განგების სიმბოლოს წარმოადგენს; თევზჭერა საკუთარი სარწმუნოებისკენ მოქცევის სიმბოლოა (ქრისტემ თავის მოწაფეებს "ადამიანთა მოსათხევლეობა" ასწავლა). კენტავრის მხატვრული ხატი ქვენა ვნებათა და შუღლის (თუ გამოსახულია კაპარჭით, მშვილდითა და ისრებით) გამოხატულებაა. რელიგიურ კომპოზიციებში ამგვარი ნახატები მწვალებლობასაც აღნიშნავს (გავიხსენოთ თუნდაც ხომალდში, ანუ ეკლესიაში მსხდომი ქრისტესა და მოციქულების ხატი, რომელთაც გარს შუბებითა და ისრებით შეიარაღებული მრავალი სუპოსტატი აკრავს). სიმბოლო დაკავშირებულია საგნის გარეგნულ ნიშნებთან და ყოველთვის მის ღრმა არსზე მიანიშნებს. მაგალითად, ბუ ღამის ფრინველია, ამიტომაც, მისი ერთ-ერთი სიმბოლური მნიშვნელობაა სიზმარი ან სიკვდილი.

გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფერის სიმბოლიკასაც. გამოსახული საგნების ფერი და პერსონაჟთა ჟესტიკულაცია - ეს ხაწერის ენაა. ადამიანის სახეს ხატებზე სპეციალურად ამახინჯებდნენ (იგულისხმება დისპროპორცია). რადგან მიიჩნევა, რომ თვალები სულის სარკეა, ქრისტეანულ ხატებზე მთელი კონცენტრაციაც სწორედ თვალებისკენ არის მიმართული; თუ კარგად დავაკვირდებით, ძველბიზანტიურ ხატებზე წმინდანებს დიდრონი და სულში ჩამწვდომი თვალები აქვთ. რუბლიოვის პერიოდიდან (XV ს.) ასეთ დიდ თვალებს უკვე აღარ წერენ, მაგრამ მათ მაინც უდიდესი ყურადღება ეთმობა. ბიბლიურ პერსონაჟთა ფიგურები იწერებოდა ნაკლებად მჭიდროდ, ზოგჯერ წაგრძელებულად, რაც მათი სიმსუბუქის ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, რომელსაც უნდა მიენიშნებინა იმაზე, რომ აქ გადალახულია სხეულებრიობა, ისინი თითქოსდა ჰაერში არიან აწეულნი, რაც მათი სულიერებისა და ფერიცვალების გამოხატულებას წარმოადგენს.  

თეოფანე ბერძენის ხატებზე წმინდანებს ან თვალები აქვთ დახუჭული ან თვალის ბუდე ცარიელია -  ასე ცდილობდა ხატმწერი, გადმოეცა ის აზრი, რომ მათი მზერა მიმართულია არა გარეგანი, არამედ შინაგანი სამყაროსკენ, ღვთიური ჭეშმარიტების ჭვრეტისკენ და შინაგანი ლოცვისკენ (სტატიიდან: Символы и их значение в живописи (სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა ფერწერაში). http://www.render.ru/books/show_book.php?book_id=739)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

ის, რომ პირველქრისტეანული ხელოვნება სავსეა სიმბოლიზმით, სულაც არ არის ახალი ამბავი. ეს ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომ პირველქრისტეანული გრაფიკული გამოსახულებები ამ კუთხით უნდა განვიხილოთ. ე. ჭელიძეს სურს პირველსაუკუნეების გრაფიკული გამოსახულებები რეალისტურ ნახატებად, მოვლენის ლამის ფოტოგრაფიულ ასახვად წარმოაჩინოს. მეტიც, ვინმე ბაპტისტ ავტორებთან პოლემიკაში ის ასეთ კითხვასაც კი სვამს: "რატომ ხდება, რომ სწორედ დასხმითი ნათლობაა ყველგან ყველა შემთხვევაში სიმბოლური, შთაფლვა კი - პრაქტიკული ქმედების ამსახველი? ანკი რა გვიკარნახებს, რომ ზემორე გამოსახულებაზე ესოდენ რეალისტურად წარმოდგენილი დასხმა ოდენ სიმბოლოა? ანთუ, რაღა სწორედ უმკვეთრესად ფიქსირებულ დასხმით ქმედებას ანუ "სატანურ პრაქტიკას" იყენებდნენ სრული ხილული ჩაძირვის ალეგორიულად წარმოსახვისთვის უადრესი ქრსიტიანები? განა შეგნებულად უქმნიდნენ საცთურს აღნიშნულ გმაოსახულებათა მხილველებს, რომლებიც, ცხადია, ვერანაირად ვერ იეჭვებდნენ, რომ რასაც ესოდენ აშკარად ხედავდნენ, მხოლოდ სიმბოლოდ უნდა აღექვათ და არა რეალობად?" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 473). ვფიქრობთ, ამ კითხვებს ნათელს ფენს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის ა. პ. გოლუბცოვის ცნობილი ნაშრომი "Из чтений по Церковной Археологии и литургике", სადაც საკმაოდ დეტალურად არის განხილული პირველქრისტეანული ხელოვნებისა და სიმბოლიზმის განვითარების ისტორია.

როდესაც გრაფიკულ გამოსახულებაზე ვმსჯელობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მარტო ეპოქა და რელიგიური ჭეშმარიტების გამოხატვის მისთვის დამახასიათებელი ხერხები, არამედ ისიც, თუ ვინ არის კონკრეტული ნახატის შემქმნელი, რა მსოფლმხედველობისაა, რომელი სარწმუნოებისაა, ხომ არ იყო მწვალებელი, სად, ანუ რა საგანზეა გამოსახული სიმბოლო და ა. შ., რადგან ამისი გარკვევა ბევრწილად დაგვეხმარება გავიგოთ, რისი თქმა სურდა მხატვარს. ასე, მაგალითად, პირველივე საუკუნეებიდან მოდის ტრადიცია აკლდამებში და საფლავთა ქვებზე სხვადასხვა საგნებისა და მოვლენების გამოხატვისა, რომელთაც, უეჭველად, სიმბოლური დატვირთვა აქვს(ეს ტრადიცია დღევანდლამდე შემორჩა). "ქრისტეანებს, - წერს პროფესორი ა. პ. გოლუბცოვი, - თავიანთი, განსაკუთრებული წარმოდგენა ჰქონდათ საიქიო ცხოვრებაზე; აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ისინი თავიანთ გამოხატულებას პოულობდნენ საფლავის წარწერებსა და იმ საგნებსა და მორთულობებზე, რომლებითაც დაკრძალვის ადგილებს ამშვენებდნენ. ამ წარმოდგენათა ზეგავლენით, ისეთი სიმბოლოები, როგორიც არის ხომალდი, ღუზა, პალმა, მტრედი და ზეთისხილის რტოსაიქიო ცხოვრების მხატვრული წარმოდგენისა და თავიანთი მიცვალებულებისადმი ქრისტეანთა დამოკიდებულების თვალსაჩინო გამოხატულებას წარმოადგენდა. ამგვარად იძენდნენ ისინი იმ შინაგან აზრს, რომლის გამოც მათი მნიშვნელობა უბრალო დეკორაციის დანიშნულებას სცილდებოდა და მათ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა" (Голубцов А. П. Из чтений по Церковной Археологии и литургике. https://predanie.ru/golubcov-aleksandr-petrovich/book/90064-iz-lekciy-po-cerkovnoy-arheologii-i-liturgike)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

როდესაც ქრისტეანულ ეპიგრაფიკაზე და მის გრაფიკულ გამოსახვაზე საუბრობს, პროფ. ა. პ. გოლუბცოვი აღნიშნავს: "ქრისტეანული აკლდამური ეპიგრაფიკის თავისებურებათა შორის პირველ ადგილზე უნდა მოვათავსოთ ქრისტეანული გრძნობით გამთბარი, ქრისტეანული რწმენით გამოხატული ან, უკეთ რომ ვთქვათ, აღმოთქმული: "in pace", ანუ - "მშვიდობით". ფერწერის სიმბოლურ ენაზე გადატანილ ამ გამოთქმას, ძველი ქრისტეანები ხშირად საფლავის ქვებზე ამავე ფორმულასთან ერთად გამოსახავდნენ მტრედის სახით, რომელსაც, როგორც მშვიდობის სიმბოლოს, ზეთისხილის რტო უჭირავს" (Голубцов А. П. Из чтений по Церковной Археологии и литургике) (იქვე).

პირველქრისტეანული ხელოვნების ძეგლთა ფორმებსა და მისი სიუჟეტების ხასიათზე რომ ლაპარაკობს, პროფ. ა. გოლუბცოვი წერს: "ამ საკითხის გადასაწყვეტად პირველქრისტეანული ხელოვნების ძეგლებსა და ძველ საეკლესიო ლიტერატურას თუ მივმართავთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გამოსახულებათა უმეტესობა, რომელიც პირველი საუკუნეების ქრისტეანობაში გამოიყენებოდა, სიმბოლურ ციკლს განეკუთვნებოდა. ძველქრისტეანული ხელოვნების ნიმუშთა თითქმის მთელ მასას, დეკორატიული სიუჟეტებისა და წმიდად ისტორიული ხასიათის გამოსახულებების გარდა, კატაკომბების პირველი მკვლევრის ანტონიო ბოსიოს დროიდან დღემდე, მრავალი მკვლევარი სიმბოლური აზრით განმარტავს, ანუ მათში ხედავენ პირობით ნიშნებს ამა თუ იმ დოგმატური იდეის თვალსაჩინო წარმოსადგენად" (იქვე.).

"არინგი პირველქრისტეანულ გამოსახულებებს განსაკუთრებული სახის წიგნებს და საერთოდ, დამწერლობასაც ადარებდა, რომლებიც მხოლოდ იმით განსხვავდება დოგმატისტებისა და მქადაგებლების თხზულებებისგან, რომ გრაფიკული საშუალებების გამოყენებით, უფრო თვალსაჩინო "შრიფტით" დაწერეს.პროფ. პიპერის სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოსახულებათა მთელი ეს წრე მიმართულია ცოდვის, სჯულისა და გამოსყიდვის ძირითადი ქრისტეანული გაგების გამოხატვისკენ.

მთელი რელიგია, მისი დოგმატები და მორალი, მისი სასოება და აღთქმები, - ამბობს მარტინი. - თავიანთ გამოხატულებას ამ იეროგლიფურ ენაში, ამ სიმბოლურ გამოსახულებათა მრავალმნიშვნელოვან და მახვილგონივრულ ენაში პოულობს"
(იქვე).

"ძველქრისტეანული ხელოვნების ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ამ უკანასკნელში აისახა სადავო საკითხებიც, რომელიც პირველქრისტეანულ სამყაროს აღელვებდა. პირველქრისტეანული ხელოვნების ძეგლების ამგვარი განსაკუთრებული შეფასებიდან გამომდინარე, მის მკვლევრებს განმარტებების, ანუ, ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, ინტერპრეტაციების ამოცანა გამოჰყავდათ ამა თუ იმ ძეგლში ან ამა თუ იმ გამოსახულებაში ჩადებული წარმოდგენიდან და გაგებიდან, ხოლო ასეთი მუშაობის დამხმარე საშუალებად აღიარებდნენ წმიდა წერილს და საეკლესიო ლიტერატურას. ამ მეთოდის თანახმად, ამა თუ იმ სიუჟეტის განმარტების სიმყარე იმის მიხედვით მატულობს, რაც მეტია მის სასარგებლოდ არსებული ტექსტები და რაც უფრო მაღალია იმ წყაროთა სანდოობა, რომელთაც ინტერპრეტატორები ერყდნობიან" (იქვე).

"ასეთი სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარე, კატაკომბური ფერწერის საგნებზე კათოლიკური და პროტესტანტული პარტიების თვალში სიმბოლომ აღმსარებლობითი აზრი შეიძინა, რომელსაც როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე საკუთარი მზა შეხედულებების გასამართლებლად იყენებდა და რომლებთანაც პირველქრისტეანული ხელოვნების ძეგლებს არაფერი აკავშირებდა. ათასი წლის შემდეგ "მოწმეთა" რიგში ისინი ან გაუგებრობით წარმოქმნილი საქმის გამო მოხვდნენ, ან კიდევ ამა თუ იმ საკითხთა გამო მოდავე ადამიანთა მიზანმიმართული შეხედულებების შედეგად.

მაგალითად, თუ კათოლიკეთა თქმით, რომის კატაკომბებში მოცემულია რომის პაპის პირველობის, ხატთაყვანისცემის, წმიდა ძღვენის გარდაქმნისა და საეკლესიო პრაქტიკის სხვადასხვა კერძო პუნქტების გადაწყვეტა, ეს სულაც არ უშლიდა ხელს საპირისპირო მიმართულების პარტიას, მიწისქვეშა რომი მიწისზედა რომისთვის დაეპირისპირებინა და დაემტკიცებინა პირველქრისტეანული შეხედულებების აშკარა კონტრასტი გვიანდელ კათოლიკურ დოქტრინებთან.

ზნეობრივ-რელიგიური, მტკიცებულებითი და აპოლოგეტური ხასიათი ქრისტეანულ ხელოვნებას მიაწერეს არა მისი არსებობის პირველ პერიოდში, არამედ მოგვიანებით. ამგვარი ხასიათი ნაკლებად შეიძლებოდა ჰქონოდა კატაკომბურ, აკლდამურ ხელოვნებას, რომელსაც უახლოესი კავშირი გააჩნდა დაკრძალვის რიტუალთან. ხელოვნების ნიმუშებმა ზემოთხსენებული მნიშვნელობა შეიძინა ღია ტაძრებში, რომლებიც ეკლესიის ხელში აღმზრდელობით იარაღად გადაიქცა.

Disciplina arcani, ანუ სწრაფვა დაფარვისკენ, რაც გულისხმობს გაუნდობელთაგან, ანუ წარმართთაგან  და ნაწილობრივ კათაკმეველთაგანაც სარწმუნოებისა და კულტის საგნების საიდუმლოდ შენახვას,  ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი არგუმენტი იყო პირველქრისტეანული ფერწერის ნიმუშთა სიმბოლური მიმართულების დასამტკიცებლად. თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა ამ საქმის განხორციელებისთვის. ცნობილია, რომ ეს წესი (disciplina arcani) ვრცელდებოდა შედარებით მცირე დოგმატურ ჭეშმარიტებებსა და საწესჩვეულები ფორმებზე და უმთავრესად ნათლისღებისა და ზიარების საიდუმლოებებს ეხებოდა, არადა, კატაკომბების ფერწერულ ციკლში ამ უკანასკნელ სფეროს გამოსახულებათა უმცირესი წილი განეკუთვნება" (იქვე).

ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ქრისტეანული სიძველეების სპეციალისტის პროფ. პიპერის განმარტება, რომელიც ქრისტეანის შეგნებაში რელიგიური იდეის თანდათანობით განვითარებას ეფუძნება. მისი თქმით, ქრისტეანული ხელოვნების ისტორიაში შეიძლება განვასხვავოთ ორი პერიოდი: პირველი - IV საუკუნემდე, რომელშიც ხელოვნება პირობით, სიმბოლურ ხასიათს ატარებს; და მეორე - კონსტანტინეს შემდგომი ხანა.

პირველ პერიოდში ფერწერისა და ქარგვის საგნებს წარმოადგენდნენ ემბლემები და მიმსგავსებანი, ხოლო მეორეში მის სიუჟეტებში ძირითადად ისტორიული პირები და მოვლენები აისახებოდა. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი მეორე პერიოდშიც კი არ გვხვდება კერძო გამოსახულებათა რიგში და ადრინდელივით სიმბოლურ ფორმაში გამოიხატება. ეს თანდათანობა, რომელიც საკმაოდ შესამჩნევად ახასიათებს ძველქრისტეანულ ხელოვნებას, ეფუძნებოდა არა რაიმე გარეგან ვითარებას -  მაგალითად, ქრისტეანთა შიშს საკუთარი უსაფრთხოების გამო ან თავშეკავებას, წარმართთა წინაშე გამოეფინათ ქრისტეანთათვის უმნიშვნელოვანესი საგნები და ამით რწმენის საგნების პროფანირება მოეხდინათ -  არამედ თვით ქრისტეანული რელიგიური შეგნების განვითარების პირობებს.

"კერძო მოსაზრებით შექმნილი სიმბოლური გამოსახულებების ისტორიულისგან განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ უკანასკნელი ტიპის გამოსახულებებში მხატვრის აზრი პოულობს სრულ და ყოველმხრივ გამოხატულებას. სახე, რომლითაც სარგებლობს აქ მხატვარი თავისი იდეის განსახორციელებლად, მისი შინაარსის ადეკვატურია და მასთან ორგანულად არის დაკავშირებული. იგივე ვითარება როდი გვაქვს სიმბოლურ ხელოვნებაში: აქ გამოსახატავ საგანსა და თვით გამოხატულებას შორის არსებობს არა აუცილებელი, უშუალო კავშირი, არამედ მხოლოდ გარეგნული და პირობითი" (იქვე).

"სიმბოლურ გამოსახულებაში იდეა ხორციელდება არა სრულიად, არამედ ნაწილობრივ ("В символическом образе идея воплощается не вся, но только отчасти"). ამიტომაც ხელოვნების სიმბოლური ფორმებიდან კერძო წარმოდგენებზე გადასვლა მიუთითებს იდეის უმაღლეს განვითარებას და თვალსაჩინოს ხდის იმ მოწიფულობას, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მისი გადასვლა ბნელი შეგნებიდან სრულ და რეალურ გამოხატულებამდე. იდეის განვითარების ეს პროცესი წარმოადგენს ცხოვრების ზოგად ფსიქოლოგიურ კანონს და მას მისდევდა თავისი განვითარების გზაზე ყოველგვარი ხელოვნება, სადაც დასაწყისიდანვე გვხვდება სიმბოლური ხელოვნების ნიმუშები.

მანამ, სანამ სიტყვა ადამიანის დაფარულ აზრს გამოავლენდეს და ღმრთის ნათელზე გამოიტანდეს იდეას, საჭიროა, ეს იდეა ჯერ სულის შეგნებითი ცხოვრების სფეროში ჩაისახოს და მტკიცედ დამკვიდრდეს, რათა იქ გამყარდეს და ადამიანის, მისი პიროვნების შინაგან კუთვნილებად შეიქნას. ამიტომაც, სანამ ეს ასე არ მოხდება, იდეა ჟღერად ფორმას ვერ შეიძენს და სულისგან სიტყვის შესამოსელში ვერ გადმოიღვრება. ასე უწევდა პირველქრისტეანულ საზოგადოებას ჯერ საღმრთო იდეების შემეცნება და უკვე შემდეგ აძლევდა მას გარეგან სიცოცხლეს, გარეგან მხატვრულ გამოსახულებას. იდეის განვითარებისა და მისი რეალიზაციის ამ ურთიერთკავშირით აიხსნება ის ფორმა, რომლითაც ხასიათდება ქრისტეანული ხელოვნების პირველი ნიმუშები, ანუ სწორედ სიმბოლური ფორმა, რომლითაც სურათი თავისი გარეგანი მხარით ჯერ კიდევ განეკუთვნება იდეას, და კი არ გამოხატავს, არამედ მხოლოდ გულისხმობს და ოდნავ მოგვაგონებს მას"
(იქვე.).

პროფ. პიპერის ამ განმარტებიდან გამომდინარე (რომელსაც პროფ. გოლუბცოვი ანგარიშს უწევს და არ ეწინააღმდეგება), უკვე გასაგები ხდება, ქრისტეს ნათლისღების გამოსახულებებზე საუკუნეებთან ერთადრატომ "მაღლდება წყლის დონე თანდათანობით".

ამრიგად, ეს განსხვავება გვიანდელ და ადრინდელ გამოსახულებებს შორის წინააღმდეგობრივი კი არ არის, არამედ ქრისტეანული ხელოვნების, კერძოდ, ხატწერის ისტორიული განვითარების შედეგია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტეანთა შინაგან სრულყოფასთან, რაზეც ასე დაწვრილებით გვიამბობს პროფესორი პიპერი.

შეიძლება ითქვას, რომ IV საუკუნის შემდგომი ქრისტეანული ხატწერა  წარმოადგენს გადმოსაცემი დოგმატური სწავლების უფრო და უფრო გამართულ ასახვას, ვიდრე პირველსაუკუნეთა გრაფიკა. ამ თვალსაზრისით, ნათლისღების დოგმატის გადმოცემის საქმეში, გვიანდელ ხატმწერლობას ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე პირველ საუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებს. ხოლო, თუ რა დოგმატური შინაარსი დევს ქრისტეს ნათლისღებაში და რომ ნათლისღება არ არის მარტოოდენ ისტორიული მოვლენა, ეს ე. ჭელიძისთვის, ალბათ, სამტკიცებელი არ უნდა იყოს. Xოლო, თუ ესეც სამტკიცებელია, მაშინ ჯეროვანი იქნება პროფესორი გაეცნოს თუნდაც სერბეთის ახალმოწესეობრივი ეკლესიის წმინდანის, მღვდელმთავარ ნიკოლოზ ველიმიროვიჩის ზუსტ და დოგმატურ განმარტებას, რომელიც ზემოთ უკვე დავიმოწმეთ.

ამ განმარტებიდან გამომდინარე, გასაგები ხდება ის სხვაობაც, რასაც პირველქრისტენთა გრაფიკულ ხელოვნებაში ვხვდებით ერთი და იმავე მოვლენის ასახვისას. ამგვარი სხვაობა, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნეთ, მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლიზმით აიხსნება და არა ისტორიული სიზუსტით. არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ზოგიერთმა მხატვარმა მოვლენა გამოხატოს სიმბოლური ნიშნების დახმარებით, ზოგმა კი თავის ხელოვნებაში მეტი ადგილი დაუთმოს მოვლენის უფრო რეალისტურ ასახვას. აქედან გამომდინარე, გვექნება ერთი და იმავე მოვლენის განსხვავებული გამოხატულება.

ე. ჭელიძის წიგნის VI განყოფილებაში გამოქვეყნებულმა გრაფიკულმა გამოსახულებებმა, რომელთა საფუძველზეც ჩვენი ოპონენტი ქრისტეს დასხმითი ნათლობის დამტკიცებას ცდილობს, პირველდაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის გამიზნული სავარჯიშოები მოგვაგონა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს ავალებენ, იპოვონ განსხვავება ორ თითქმის ერთნაირ ფოტოსურათს შორის, რომლებსაც მხოლოდ წვრილმანი დეტალები გამოარჩევს ერთურთისგან. ე. ჭელიძეს ამ გამოსახულებათა სიმბოლური აზრი რომ განვუმარტოთ და ვაჩვენოთ, რა გადაულახავ წინააღმდეგობას წავაწყდებით მათი პირდაპირი მნიშვნელობით გაგების შემთხვევაში, ეს ელემენტარული ჭეშმარიტება სწორედ მსგავსი მეთოდით, ანუ პირველკლასელთათვის გამიზნული სავარჯიშოებივით უნდა დავულაგოთ.

ჩვენ შეგნებულად არ ვაქცევთ ყურადღებას ამ გრაფიკულ გამოსახულებებზე ქრისტეანთა ნათლობის ამსახველ მომენტებს, რადგან ე. ჭელიძის სოფისტიკის საჩვენებლად საჭიროა დავეყრდნოთ ერთი და იმავე პიროვნების (ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლის, სულიწმიდის), ან ერთი და იმავე მოვლენის (იორდანეში უფლის ნათლისღების) განსხვავებულ გამოხატვას გრაფიკულ ნიმუშებზე და არა რიგითი ან რომელიმე ცნობილი ქრისტეანის ცხოვრებისას, რამეთუ ამ შემთხვევაში განსხვავებები ბუნებრივიც იქნებოდა, ვინაიდან სხვადასხვა ქრისტეანი, სხვადასხვა ვითარების გამო, ან შთაფლვით ინათლებოდა, ან დასხმით (განსაკუთრებით ეს ითქმის დევნულ ქრისტეანებსა და მოწამეებზე). ამიტომაც, ე. ჭელიძის ცთომილების ნათელსაყოფად საჭიროა ერთი და იმავე მოვლენის, კერძოდ, უფლის ნათლისღების ამსახველი გრაფიკული გამოსახულებების ერთად დადება და მათი შედარებითი განხილვა. შემდეგ კი გარჩევა იმისა, თუ რითი განსხვავდებიან მოვლენის (უფლის ნათლისღების) ან პიროვნების (იოანე, ქრისტე, სულიწმიდა, ანგელოზი და სხვა) აღმნიშვნელი სიმბოლოები ერთმანეთისგან და ისიც, თუ რაზე შეიძლება მიანიშნებდეს გამოსახულება.

მაგალითისთვის, ე. ჭელიძის მიერ წარმოდგენილი გრაფიკული ნამუშევრებიდან ავიღოთ მტრედის სიმბოლო. ზოგ ნახატზე მტრედს ზეთისხილის რტო უჭირავს და მოაქვს მოსანათლთან, ზოგან კი მისი ნისკარტიდან, როგორც ე. ჭელიძის წერს, "ზეციური წყალი" იღვრება (ე. ჭ. ხს. ნაშრ. გვ. 506, 507), რომელიც თურმე ქრისტეს დასხმითად მონათვლის გამომხატველია. ბაპტისტების აზრით კი ეს "მირონია". ბაპტისტების შეხედულებას ე. ჭელიძე ასე აკრიტიკებს: "ამრიგად, კვლავაც უცვლელი ბაპტისტური მტკიცება-ფიცილით ზემორე და მასთან იგივეობრივ ფრესკებზე თურმე ასახულია არა დასხმა წყლისა, არამედ ნათლისღების შემდგომი მირონცხება, ანუ წმიდა მირონის დასხმა საუფლო თავზე. აქედან ჩანს, რომ გამოთქმით "თურმე ასახულია არა დასხმა, არამედ... მირონცხება". ე. ჭელიძე მტრედის მიერ ნისკარტით პკურებული თუ "დასხმული" ნივთიერების სიმბოლოში უფლის დასხმით ნათლობას ხედავს. ბაპტისტების ადვოკატობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ, ამ საკითხს ვეხებით მხოლოდ ე. ჭელიძის ცთომილების საჩვენებლად და კიდევ იმიტომ, რომ ბაპტისტებთან დავაში გართული ჭელიძე ისე ეძლევა პოლემიკურ თავდავიწყებას, რომ შეკითხვას უსვამს "სტაროვერებს" და არა იმათ, ვისაც ამ განყოფილებაში ედავება.

"ამგვარი თეზა (ქრისტეს მირონცხება სულიწმიდის მიერ - არქიეპ. პ.) კარდინალურად მცდარია... - აგრძელებს ე. ჭელიძე, - საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ზემორე ფრესკა (და ნებისმიერ სხვა) წარმოგვიდგენდეს იოანეს მიერ მაცხოვრის თავზე მირონის დასხმას, ვინაიდან მირონი სხვა არაფერია, თუ არა სულიწმინდის ბეჭედი, ხოლო მაცხოვარზე, რაჟამს იგი კაცობრივად ინათლებოდა იორდანეში, თავად სულიწმიდა გარდამოვიდა, რომლის ნაცვალი ჩვენზე სწორედ ის წმიდა ზეთია, რასაც მირონი ეწოდება".

"კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ, - განაგრძობს ე. ჭელიძე. - რომ მირონი (ძველქართულად ვიდრე X ს-მდე, "ნელსაცხებელი"), რაც გვეცხება ნათლობის დასასრულს, არის ნაცვალსახე ანუ შემცვლელი იმ სულიწმიდისეული ცხებისა, სულიწმიდისეული გარდამოსვლისა, რაც ოდენ და მხოლოდ მაცხოვარმა მიიღო კაცობრივად, რაჟამს იგი იორდანიდან ამოვიდა" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 485-486).

"გარდა იმისა, რომ მირონცხება წარმოადგენს ქრისტეს სულიწმიდისეული ცხების სახეს, ამ მომენტში მეორე მნიშვნელოვანი ნიუანსიც აღინიშნება. კერძოდ, "ქრისტემ არა ადამიანისგან იცხო ხორციელი ზეთით ან მირონით, არამედ მამამ, რომელმაც წინაგანამზადა იგი მთელი სოფლის მაცხოვრად, სულიწმიდით სცხო მას, როგორც ამბობს პეტრე: "იესო ნაზარეველს, რომელსაც სცხო ღმერთმა სულიწმიდით" (საქმე. 10:38)... და როგორც ქრისტე ჭეშმარიტად ეცვა ჯვარს, დაეფლა და აღსდგა, ხოლო თქვენ ნათლისღებით, მსგავსებითაც, ღირსნი გახდით მასთან თანაჯვარცმულობისა, თანადაფლულობისა და თანააღდგომილობისა, ასევე - ცხების მხრივაც. მან სიხარულის გონითი ზეთით იცხო, ესე იგი სულიწმინდით, - "სიხარულისად" წოდებული "ზეთით", ვინაიდან იგია მიზეზი სულიერი სიხარულისა, - თქვენ კი მირონით იცხეთ, გახდით რა ზიარნი და წილმქონენი ქრისტესი" (ე. ჭ. დას. შრ. გვ. 487).

ამრიგად, ე. ჭელიძე გამოყოფს ორ მომენტს. პირველი: ნათლისღების დროს ქრისტეზე სულიწმიდის გარდამოსვლა, რომლის სახე ქრისტეანთა მირონცხებაა; და მეორე: "სიხარულის ზეთით" ქრისტეს ცხება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სულიწმიდისეული ცხება; და ეს ცხება არამატერიალურია!

ჩვენ ვეთანხმებით ე. ჭელიძეს ამ დასკვნებში, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ: მისი ბაპტისტებთან კამათი მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით შემოიფარგლება, რომ შეუძლებელია, ქრისტეს მატერიალური მირონი ცხებოდა. ეს სწორია, მაგრამ იგი იქვე თვითონვე გვთავაზობს ბაპტისტებზე არანაკლებ უცნაურ რამეს ქრისტეზე "ზეციური წყლის დასხმის" შესახებ შემოტანილი სწავლებით, რომელიც ე. ჭელიძესთან აშკარად მატერიალისტური გააზრებისაა. უკიდურეს შემთხვევაში, ე. ჭელიძე ამ "ზეციური წყლის" განმარტებისთვის თავს არ იწუხებს და არ აღნიშნავს, რომ ამდაგვარი ტერმინიც, "სიხარულის ზეთის" მსგავსად, სულიერად, სიმბოლურად აღსაქმელი ტერმინია.  

ასე, მაგალითად, ე. ჭელიძის ხსენებული ნაშრომის 506-ე გვერდზე გვხვდება V ს-ის დამდეგის გრაფიკული გამოსახულება, სადაც, ე. ჭელიძის თქმით: "მშრალზე მდგომი მოსანათლის" თავზე ნათლად არის გამოკვეთილი "მტრედიც, რომელიც ზეციურ წყალს აღვრის მას თავზე".



507-ე გვერდზე: "... წარმოდგენილია მუხლამდე წყალში მდგარი მოსანათლი (მიუხედავად წყლის დიდი სიუხვისა), რომელსაც მტრედის ნისკარტისკგან თავზე დაესხმის ზეციური წყალი". რადგან მტრედის ნისკარტიდან გამომავალი "სითხე" უხვი რაოდენობისაა, ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ შენიშვნას: "კვლავ აღვნიშნავთ, რომ გამოირიცხება მტრედის ნისკარტისგან გადმონაღვარი სითხის მირონად გაგება, ვინაიდან ამ რაოდენობის მირონი არასოდეს დაესხმოდა თავზე ერთ მოსანათლს".



იქნებ, ეს ნათლის სხივია? - ნურას უკაცრავად! ე. ჭელიძე აქვე უარყოფს "ხსენებული გადმონაღვარის გაგებას სინათლის სხივად", რადგან "მტრედს ნისკარტით უკვე უჭირავს თასი და იქიდან ასხამს წყალს მოსანათლს თავზე". ჭელიძის შენიშვნით: "ცხადია, თასიდან სხივის "გადმოსხმა" წარმოუდგენელია" (იქვე. გვ. 508).

როგორც უკვე ვთქვით, ე. ჭელიძე ამ "ზეციურ წყალს", რომელიც მტრედის ნისკარტიდან იღვრება, არანაირ განმარტებას არ ურთავს. Gვექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს, დასხმითი ნათლობის ასოციაცია ამგვარი ნახატების ხილვისას მკითხველს დამოუკიდებლად შეექმნას თუმცა, 525-ე გვერდზე ერთ-ერთ გამოსახულებასთან დაკავშირებით ამბობს: "ამავე სულიერ შინაარსს (ე. ი. დასხმით ნათლობას - არქიეპ. პ.) ირეკლავს და ზეცით გადმოსხმული წყლით ნათლისღებას უმკვეთრესად გამოსახავს აგრეთვე დაახლ. 700 წ-ით დათარიღებული შემდეგი იკონოგრაფია".



და ბოლოს, 533-ე გვერდზე გვთავაზობს ასეთ დასკვნას: "მთელი ზემორე პირუთვნელი ისტორიული მასალა ერთ ურყევ და შეუვალ დასკვნას გვიყალიბებს: ეკლესიის უადრეს ეპოქაში (I-V სს.) საეკლესიო ნათლობის გარეგანი სახე განისაზღვრებოდა არა მხოლოდ სრული ხილული ჩაძირვით, არამედ აგრეთვე - თავზე წყლის დასხმა-დაპკურებით. მეტიც, ბევრად უფრო გავრცელებული ჩანს სწორედ დასხმა- დაპკურების წესი... ".

ე. ჭელიძის თქმით, ეს არცაა გასაკვირი, რადგან "ეკლესიის ისტორიის პირველი სამი საუკუნე ხასიათდებოდა ქრისტიანთა უკიდურესი დევნა-შევიწროებით, ამგვარი ვითარება კი ნათლობათა უმრავლეს შემთხვევებში არ იძლეოდა არანაირ შესაძლებლობას სრული ხილული ჩაძირვის აღსრულებისა" (ხს. შრ. გვ. 533).

მაგრამ ამგვარი დასკვნა ეწინააღმდეგება, მინიმუმ, ორ თეზისს: 1) ქრისტეს მონათვლას დასხმითად (ქრისტეს დასხმითად ნათლობა შეუძლებელია აიხსნას ქრისტეანთა დევნულებით) და 2) ეწინააღმდეგება თვით ე. ჭელიძის იმ აზრს, რომ დასხმითი ნათლობა გამოიყენებოდა არა მარტო გამოუვალ მდგომარეობაში (როგორადაც ამჯერად აქვს წარმოდგენილი ე. ჭელიძეს პირველქრისტეანთა გრაფიკული გამოსახულებები), არამედ ჩვეულებრივ ვითარებაშიც, რადგან ის (ანუ დასხმითი ნათლობა), როგორც ეს წმ. კვიპრიანეს და სხვა წმიდა მამათა ე. ჭელიძისეული განმარტებებიდან ჩანს, სულაც არ ყოფილა რაიმე რთულ ვითარებაში შესასრულებელი წესი და მას, როგორც საეკლესიო წესს, თურმე "უნდა ვიცავდეთ კიდევაც". გამომდინარე აქედან "რთული ვითარება" და "დევნულება" აქ არაფერ შუაში უნდა იყოს.

პირველქრისტეანთა დასხმითად ნათლობის გამართლება თუ იმით შეიძლება, რომ მათ სასტიკად დევნიდნენ და ყოველთვის არ იყო ნათლობის შთაფლვითად აღსრულების შესაძლებლობა, როგორ უნდა აიხსნას ქრისტეს ნათლობა დასხმითად, - აქ ხომ დევნულება არაფერ შუაშია?! და საერთოდ, თუ ქრისტეანობაში დასხმითი ნათლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც არა მარტო დევნულების დროს ასრულებენ, მაშინ თვით დევნულებაც არ გამოდის ნათლისღების აღსრულების შემავიწროვებელ ან ხელისშემშლელ ფაქტორად.

აქედან და ჭელიძის კიდევ იმ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რომ ტერმინი "შთაფლვა" სულიერი შინაარსისაა და ის სიმბოლურად უნდა გავიგოთ, გაუგებარი რჩება -  საერთოდ რაღა საჭიროა შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში? და რა შემავიწროებელი ვითარებაა დევნა ნათლისღების მისაღებად, თუ ერთი პეშვითაც კი შეიძლება სრულიად კანონიკური ნათლობის აღსრულება? ე. ჭელიძის წიგნში "სული - ცხოველი" ამისი პასუხი არ გვაქვს; და არც შეიძლება გვქონდეს, რადგან ის "უგლიმი ტყუილი", რასაც ჩვენ გვაბრალებს ეს ცრუპენტელა "მეცნიერი", სწორედ აქ ავლენს თავს და არა იმ მტკიცებულებებში, რომლებიც ზემოთ უხვად დავიმოწმეთ და რომელიც თვით ე. ჭელიძის ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილთაგან გვესმა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ პირველ საუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებში იორდანეში ნათელღებულ ქრისტეზე მტრედის, ანუ სულიწმიდის მიერ გადმოღვრილ "სითხეს". აქ ჯეროვანია ვიკითხოთ, რატომ ან რას ასხამს სულიწმიდა წყალს მოსანათლავს? ქრისტე ხომ იოანე ნათლისმცემელმა მოინათლა იორდანეში (როგორც უკვე ვნახეთ, შთაფვლითად და არა დასხმითად) და არა სულიწმიდისგან, რომლისგანაც მხოლოდ "სიხარულის ზეთი" ეცხო მაცხოვარს? რას ნიშნავს "ზეციური წყალი", რომელიც მტრედს (ანუ სულიწმიდას) მოაქვს და თავზე აღვრის იორდანედან ამოსულ ქრისტეს?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ე. ჭელიძის მიხედვით დამოწმებულ ან სადავო ადგილებზე კომენტარების გაუკეთებლობა მოცემულ იდეასთან ან მის ავტორთან თანხმობად აღიქმება (შეად.: "Lundy არანაირ კომენტარს არ უკეთებს Ciampini-ის შეფასებას, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ეთანხმება მას".იქვე. გვ. 489), სულიწმიდის მიერ "ზეციური წყლით" ქრისტეს მონათლვა მატერიალურ "მირონცხებაზე" ნაკლებ მკრეხელობად როდი წარმოჩნდება. მით უმეტეს, რომ ე. ჭელიძეს ძლიერ სურს, ამ მომენტს (მტრედის მიერ წყლის პკურებას) დასხმითი ნათლობის მნიშვნელობა მიანიჭოს. ეს კი შეიცავს დამატებით წინააღმდეგობას, რამეთუ პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტე მოინათლა იორდანეში იოანე ნათლისმცემელისგან და არა "ზეციური წყლით" სულიწმიდისგან. წმ. სამების მესამე იპოსტასისგან მაცხოვარს, მხოლოდ "სიხარულის ზეთი" ეცხო, რომლის სულიერი მნიშვნელობა უკვე განიმარტა. ამიტომაც, ის "ნივთიერება", რომელსაც სულიწმიდა "ასხამს" იორდანეში მონათლულ მაცხოვარს შეიძლება იყოს მხოლოდ ამ "სიხარულის ზეთის" (ცხადია სულიერი გაგებით) ცხების სიმბოლო და არა მირონცხებისა (ზემოთ დამოწმებული ბაპტისტური გაგებით) ან "წყალდასხმითი ნათლობისა". გავეცნოთ წმიდა მამათა სწავლებას ამ საკითხზე: "რადგანაც ადამიანის ბუნებამ ცვლილება განიცადა, - ბრძანებს წმ. ათანასე დიდი (IVს.), - დატოვა სიმართლე და უსჯულოება შეიყვარა, მხოლოდშობილი განკაცდა, რათა გამოესწორებინა ყოველივე და კაცთა ბუნებისთვის სიმართლის სიყვარული და უსჯულოების სიძულვილი ესწავლებინა" (წმ. ათანასე დიდი. 44-ე ფსალმუნის განმარტება); სწორედ მას, განკაცებულ ქრისტეს, იესუ ნაზარეველს სცხო ღმერთმა "სულითა წმიდითა და ძალით" (საქმე 10:38) (შეად. ესაია 61:1).

წმ. ბასილი დიდი 44-ე ფსალმუნის განმარტებაში ბრძანებს: "რადგანაც საცხებელი გარდასახვისა იმაზე მიუთითებს, რომ მისით თვით მღვდელმთავრებიცა და მეუფენიც გარდაისახებოდნენ, უფლის სხეულს, მასზე სულიწმიდის გარდამოსვლით, ჭეშმარიტი საცხებელი ეცხო! რომელსაც სიხარულის საცხებელი ეწოდება".

წმ. ბასილი დიდი განაგრძობს: "მშვენივრად უწოდა სულიწმიდის საცხებელს "სიხარულისა", რადგან სულიწმიდით მოწეულ ნაყოფთაგან ერთ-ერთი სწორედ სიხარულია" (იხ. ქართ. საეკლ. კალენდ. 1995 წ. გვ. 241. ასევე Твор. св. Василия Великого. Часть 1. Толк. на псалом 44. Москва 1900, стр. 283).

წმ. იოანე ოქროპირსაც მოვუსმინოთ, რომელიც სვამს ასეთ შეკითხვას: "რას ნიშნავს "საცხებელი სიხარულისაი?" და თავადვე პასუხობს: "ქრისტე ცხებულ იქნა არა ზეთით, არამედ სულიწმიდით".  წმ. იოანე ოქროპირი იქვე განგვიმარტავს, რომ "არავინ ცხებულა ისე, როგორც ქრისტე. ქრისტემდე მრავალი ყოფილა ცხებული, მაგრამ ქრისტეს მსგავსად არავინ", რადგან ისინი, ვინც ქრისტემდე იყო იცხებოდნენ ზეთით, ხოლო ქრისტეს საცხებელი, "საცხებელი სიხარულისაი" ზეთი კი არ არის, არამედ სულიწმიდა" (იხ. Св. Иоанн Златоуст. Творения. Т. 5, кн. 1. С. Петербург. 1899, стр. 201). იგივეს ბრძანებს წმ. ბასილი დიდიც (იხ. დასახ. წყაროები).

ამრიგად, როგორც პირველ ქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე, ასევე გვიანდელ მართლმადიდებლურ ხატებზეც, ის, რაც სულიწმიდას ნისკარტით მოაქვს, შეიძლება იყოს "სიხარულის ცხების" სიმბოლო და არა წყალდასხმითი ნათლობისა, როგორც ეს ე. ჭელიძეს ელანდება.

იმისთვის, რათა უფრო დავრწმუნდეთ ე. ჭელიძის, მინიმუმ, არაკომპეტენტურობაში, პირველქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე მტრედის (როგორც სულიწმიდის სიმბოლოს) გამოსახვასთან და მის მიერ "ზეციური წყლის" გადმოღვრასთან დაკავშირებით და, მაქსიმუმ, შეგნებულ ცრუპენტელობაში (ჩვენ ეს უკანასკნელი უფრო გვგონია), განვიხილოთ ნათლისღების ხატწერის გვიანდელი ნიმუშები, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოგვიანებით ეკლესიამ სრულყო ხატწერის კანონი და დოგმატური სწავლებანი მათზე უზუსტესად გამოხატა.

ჯერ გავარკვიოთ, რაზე მიანიშნებს მტრედის სიმბოლო იმ ქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებებზე, სადაც აღწერილია იორდანეში მაცხოვრის ნათლობა. აი, როგორ განმარტებას გვაძლევს რუსეთის ოფიციალური, ახალმოწესეობრივი ეკლესიის დეკანოზი გეორგ შმიდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ვლადიმირის ტაძრის ოფიციალურ საიტზე: "და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სულიღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენსათნო-გიყავ" (ახ. ქართ. თარგმ.: "წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე") (მარკ. 1:10-11).

სახარებისეული ტექსტი, რომელსაც დღესასწაულის ცისკარზე კითხულობენ, აღნიშნავს ამ მოვლენის ძირითად ასპექტს: ამ დღეს კაცობრიობას მთელი თავისი სისრულით განეცხადა სამიპოსტასოვანი ღმრთის დოგმატური ჭეშმარიტება, თანაც არა გონებით საჭვრეტი სახით, არამედ განცხადებულად, შეგრძნებით სახეებში: იოანეს ესმა ხმა მამისა, იხილა ამ ხმის დამადასტურებელი სულიწმიდა მტრედის სახით, ერთად რომ ადასტურებდნენ ღმრთის ძის კაცობრიობისადმი მოვლინებას, რომელიც თავისი განკაცებული ბუნებით იმ მომენტში იორდანეში იოანესგან ნათელს იღებდა.

უფლის ნათლისღების ხატი ზუსტად ასახავს სახარებისეულ მოწმობას და ამატებს ზოგიერთ დეტალს, რომელიც დღესასწაულის საღვთისმსახურებო შინაარსიდან არის ნასესხები. მაგალითად, ანგელოზები და ორიოდე ალეგორიული ფიგურა მაცხოვრის ფეხებთან, რომლებიც მდინარესა და ზღვას განასახიერებენ. ხატის ზედა მხარეს გამოისახება წრის ნაწილი - გახსნილი ცის სიმბოლო, რომელიც ოდესღაც, როგორც სამოთხე, დახურა ადამის შეცოდებამ და იგი კაცთა მოდგმისათვის მიუწვდომელი გახდა. წრის ეს ნაწილი სიმბოლურად მიუთითებს ღმრთის მყოფობაზე; მისგან მაცხოვარზე, სულიწმიდასთან ერთად, რომელიც მტრედის სახით გამოიხატება, სხივები გადმოდიან. ამით აქცენტი კეთდება ღმრთის განცხადებაზე, თეოფანიაზე.

უფლის ნათლისღების დღესასწაული ღმრთის განცხადებად იწოდება არა მარტო ღმრთის სამი იპოსტასის განცხადების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის გვიჩვენებს იესუ ქრისტეს ღმრთის ძეობას, რომელიც კაცთა ცოდვის გამოსასყიდად ზეციდან გარდამოხდა და განკაცდა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სულიწმიდის გარდამოსვლას "მტრედის სახით". ერთის მხრივ, იხილვება წარღვნის ანალოგია: როგორც მაშინ წარღვნის წყლებისგან განიწმინდა სამყარო და მას კვლავ მშვიდობა დაუბრუნდა, ხოლო ზეთისხილის რტო ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებული მტრედის ნისკარტში წარღვნის შეწყვეტას და დედამიწისთვის ღმრთის წყალობის დაბრუნებას აუწყებდა, ასევე, აქაც სულიწმიდის მტრედის სახით გარდამოსვლა იყო მითითება ადრინდელი ცოდვების მიტევებისა და მთელ კაცობრიობაზე ღმრთის წყალობის გარდამოსვლისა (შეად.: "იქ იყო ზეთისხილის რტო, აქ კი ღმრთის წყალობა". მეორე მხრივ, მტრედი სამსხვერპლო ფრინველი იყო ისრაელში, რითაც ხაზი გაესმის იესუ ქრისტეს მომავალი მსახურების ხასიათს. აი, რატომ არის უფრო ჯეროვანი სულიწმიდის მტრედის სახით გამოსახვა მხოლოდ იესუ ქრისტეს ნათლისღების ხატზე" (Прот. Георгий Шмид. Описание иконы Крещения Господня.
http://www.pravkorea.com/content/view/1038/50) (URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

აქ ზედმეტი არ იქნება, დავიმოწმოთ ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XI-XII სს.) განმარტებაც მათეს სახარების 3-ე თავის 16-ე მუხლზე: ""და აჰა განეხუნეს მას ცანი". ადამმა დახურა იგი, ქრისტემ კი გააღო, რათა უწყოდე, რომ შენც აღებ მას, როცა ინათლები. "და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით...". სულიწმიდა გარდამოდის დასტურად იმისა, რომ მოსანათლავი მეტია ნათლისმცემელზე. იოანეს იუდეველნი დიდ პატივს სცემდნენ, ხოლო ქრისტეს ისე არა. ყველა ხედავდა, რომ სული გადმოვიდა იესუზე, რათა არ ეფიქრათ, რომ ხმა - "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" - ეხებოდა იოანეს, ამიტომაც, ყველამ, ვინც კი სული იხილა, ირწმუნა, რომ ეს ხმა იესუს ეხებოდა. სულიწმიდა გადმოვიდა მტრედის სახით, რადგან მტრედი უბოროტო და თანაც ისეთი სუფთა ფრინველია, რომ არ ჯდება იქ, სადაც სიბინძურეა: ასევეა სულიწმიდაც. სხვა მხრივ, როგორც ნოეს დროს მტრედმა აუწყა ყველას წარღვნის შეწყვეტის ამბავი, როდესაც ზეთისხილის რტო მოიტანა, ასევე ახლაც, მტრედის სახის გარადმომავალი სულიწმიდა ცოდვისგან დახსნას იუწყება; იქ ზეთისხილის რტო იყო, აქ კი ჩვენი ღმრთის წყალობაა" (Толкование Феофилакта Болгарского на Евангелие от Матфея. http://rusbible.ru/books/mf.fb.html#3)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

სულიწმიდას, ცხადია, არც წყალი გადმოუღვრია იორდანედან ამომავალ ქრისტეზე და არც შუქი დაუნათებია, ისევე, როგორც არ სჭერია მას ზეთისხილის რტო, როგორც ეს ზოგიერთ პირველქრისტეანულ გრაფიკულ გამოსახულებაზეა, - ეს ყოველივე გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური მინიშნება ცალკეულ ბიბლიურ მოვლენებზე. სხვადასხვა გამოსახულებაზე (ასევე ხატზე) ეს მინიშნება სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ზოგან წყლის გადმოღვრას ვხედავთ, ზოგან ზეთისხილის რტოს, ზოგან კი სამად გაყოფილ სხივებს (ეს სიმბოლო განსაკუთრებით გვიანდელ ხატმწერლობაში გვხვდება).

ამრიგად, ზეციდან გარდამომავალი მტრედი, რომელსაც პირველ საუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებზე ზოგან ნისკარტით ზეთისხილის რტო უჭირავს, ზოგან "წყალს გადმოღვრის" ან კიდევ ზეციური ნათლით "ასხივებს", წარმოაჩენს იმ სახარებისეულ და ბიბლიურ შინაარსს, რომელიც უკვე ზემოთ აღინიშნა. გრაფიკულ გამოსახულებებზე განსხვავება მხოლოდ იმაში შეიძლება იყოს, თუ რომელმა მხატვარმა რისი სიმბოლოს წარმოჩენა ისურვა: წარღვნის ("წყლის გარდამოღვრა"), სიხარულის ზეთის ("ზეციური სხივები") თუ მშვიდობისა და უფლის წყალობისა ("ზეთისხილის რტო").

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოპონენტს ლამის ავადმყოფურად აქვს ამოჩემებული, ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება ან წერილობითი ძეგლი, სადაც კი წყლის მცირე რაოდენობაა ნახსენები, დასხმითი ნათლობის მამტკიცებელ წყაროდ გამოაცხადოს. ხომ შეიძლება ეს სიტყვები (ან გამოსახულებები) სიმბოლურ დატვირთვას ატარებდნენ და სულაც არ გამოსახავდნენ ნათლისღების საიდუმლოს გარეგნულ ფორმას? მაგრამ ე. ჭელიძე სწორედ ამგვარი ავადმყოფის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ყველაზე კარგად ათვალსაჩინოებს მის მიერ დამოწმებული ერთი ნახატი, რომელზე კომენტარის მოცემაც კი ზედმეტია, ოღონდ ე. ჭელიძის სიჯიუტის მხილება გვავალდებულებს, ამგვარ განმარტებასაც მივცეთ შესაბამისი შეფასება. ეს ნახატი მაგალითია იმისა, რომ ე. ჭელიძე ცდილობს, დასხმითი ნათლობა მოიაზროს იქაც კი, სადაც ამგვარი ნათლისღების მიმანიშნებელ სიმბოლიკაზეც კი პირობითად თუ შეიძლება ლაპარაკი (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია); ანუ საეჭვოა ამ ნახატზე გამოსახული სიმბოლოები ნათლისღებაზე მიანიშნებდნენ.

საერთოდ, პირველსაუკუნეთა გრაფიკული გამოსახულებების ზოგიერთი ე. ჭელიძისეული "განმარტება" იმდენად კურიოზულია, რომ ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ. ე. ჭელიძე ისეა გატაცებული ამ სიმბოლური გამოსახულებებისთვის "დასხმითი" მნიშვნელობის მიცემით, რომ მისი კომენტარები სასაცილო ხასიათს იძენს და ძნელია გაარკვიო, სად იწყება და სად მთავრდება ავტორის ფანტაზია. გამოსახულებათა მნიშვნელობის მეტისმეტი გაზვიადებითა და რეალობასა და სიმბოლოთი გამოხატულ იდეას შორის მკვეთრი კონტრასტების მოშლით ე. ჭელიძე გვაძლევს სრულიად წარმოუდგენელი კომენტარების ნიმუშებს.

ასე, მაგალითად, ე. ჭელიძის წიგნში დამოწმებულია ერთი ხატი, სადაც მაცხოვარი, რომელსაც იოანე ნათლავს, იორდანეშიც კი არ დგას. ის ხმელეთზეა, ხოლო იოანე თავზე წყალს ასხამს. რა თქმა უნდა, ე. ჭელიძე ამ გამოსახულებას დასხმითი ნათლობის დასტურად მიიჩნევს. ყოვლად შეუძლებელია ამ ნახატის აღქმა სიმბოლური გაგების გარეშე, რადგან, როგორც წმიდა წერილიდან ცნობილია, ქრისტე იორდანეში მოინათლა და წყლისადმი თავისი სხეულის შეხებით იორდანეც აკურთხა და წყლის სტიქიაც, აქ კი მაცხოვარი ხმელეთზე დგას... მკითხველს, ალბათ, უკვე ეღიმება ე. ჭელიძის განმარტების მოლოდინში და დარწმუნებულია, რომ "მეცნიერი" ამ გამოსახულებას დასხმითი ნათლობის კონტექსტში განმარტავს...

"დასხმითი ნათლობის მკვეთრად ამსახველ სცენას წარმოგვიდგენს V ს-ის დამდეგის სპილოს ძვლის უნიკალური დაფა, - აცხადებს ე. ჭელიძე, - რაც თავის დროზე იყო დიპტიქის ნაწილი და დღეს ინახება ბერლინის გვიანანტიკური და ბიზანტიური ხელოვნების მუზეუმში. იგი წარმოდგვიდგენს მშრალ ნიადაგზე მდგომ მოსანათლს (თუმცა მის ზურგს უკან წყლის ნაკადი ჩადის), რომელსაც თავზე დაესხმის წყალი. ნათლად არის გამოკვეთილი მტრედიც, რომელიც ზეციურ წყალს აღვრის მას თავზე" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 505- 506) (იხ. სურ. გვ. 506).



სხვა გრაფიკულ გამოსახულებაზე არც წყალია სადმე, არც იოანე ნათლისმცემელი ჩანს მისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით (შემოსილია მოკლე ბეწვის ტუნიკით, ზოგან ხელში კვერთხი უჭირავს) და არც მტრედი ასხამს "ზეციურ წყალს" მაცხოვარს... მტრედი აქ შემომჯდარია ხეზე... მოდი ვნახოთ როგორ განმარტებას აძლევენ ამ გამოსახულებას ბაპტისტები, ვისაც ე. ჭელიძე ედავება, და როგორ განმარტავს მას თვით ე. ჭელიძე.

ბაპტისტებს ეს ფრესკა ქრისტეს ვნების გამომხატველად მიუჩნევიათ, რასაც ე. ჭელიძე მკაცრად აპროტესტებს და წერს: "აღნიშნული ფრესკა მეშთაფლეთა მიერ რატომღაც (! - არქიეპ. პ.) მაცხოვრის ვნების ამსახველად გაიგება, თუმცა ამგვარი გააზრებისთვის არანაირი (!) საფუძველი არ ჩანს. ყურადღებას მივაქცევთ მტრედს, რომელიც სწორედ ნათლისღების ჟამს გარდამოხდა (ხაზგასმა ე. ჭელიძისაა - არქიეპ. პ.). ამასთან, მოსანათლის თავზე აშკარად არის წყლის წვეთები. ძნელი სათქმელია, რა არის მომნათვლელის ხელში(მიიჩნევენ, რომ ეს არის ლერწამი როგორც იორდანის სიმბოლო), თუმცა აშკარაა, რომ მის მიერ მოსანათლს თვზე დაესხმის წყალი" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". თბ. 2012. გვ. 492-493).

ე. ჭელიძე აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ფრინველი (სავარაუდოდ მტრედი) შემომჯდარია ხეზე, მას არც ზეთისხილის რტო უჭირავს ნისკარტით და არც "ზეციურ წყალს" ასხამს ვინმეს, ის ზეციდან გარდამომავლადაც კი არ აღიქმება, რადგან პირველ საუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებზე (გამონაკლისის გარეშე) მტრედი (სულიწმიდა) ზეციდან გადმოდის და ამგვარი გამოსახულება წმიდა წერილის გადმოცემის შესაბამისია.

რისი სიმბოლოა ხე და რატომ ზის მტრედი (სულიწმიდის სიმბოლო, იგივე სულიწმიდა) ხეზე -  გაუგებარია. როგორც ჩანს, აქ, ნამდვილად, საქმე არ გვაქვს ქრისტეს ნათლობის სცენასთან (ახლა მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ ეპიზოდს შეიძლება ის გამოხატავდეს). ქრისტეს მარჯვნივ ვხედავთ ორ ფიგურას, ორივეს ხელში რაღაც უჭირავს. ქრისტესთან ახლოს მდგომს ქრისტეს მიმართულებით ტოტი გაუშვერია, ხოლო თვით ქრისტეს თავზე გარშემო გვირგვინი ადგას.



ყოველივე აქედან, რასაც თქვენც თვალნათლივ ხედავთ - არც მეტი, არც ნაკლები - ე. ჭელიძემ დაასკვნა, რომ გრაფიკული გამოსახულება ასახავს ქრისტეს დაპკურებით ნათლობას იორდანეში (?!)... ჭეშმარიტად, ზღვარი არა აქვს ე. ჭელიძის ფანტაზიას და მის მიკერძოებას დასხმითი "ნათლისღების" მიმართ.

აბსურდული განმარტების ნიმუშია მომდევნო გამოსახულების კომენტარიც, სადაც ვკითხულობთ:"აღნიშნული ფრესკა (იგივე ქრისტეს ნათლობა, რაზეც მტრედის ზეციდან გარდამოსვლა მიანიშნებს -  არქიეპ. პ.) წარმოგვიდგენს თითქმის თითის წვერებითაც წყლის ზემოთ მდგომ მოსანათლს ("მაცხოვრის ყრმად გამოსახვა ნათლობის სცენებში უაღრესად ნიშანდობლივია ადრეული ფრესკებისთვის" - შენიშნავს სქოლიოში ე. ჭელიძე - არქიეპ. პ.), რისი სრულ ჩაძირვად გააზრება მეშთაფლეთა ფანტაზიასაც კი აღემატება. შესაბამისად, ზემორე გამოსახულებაც ერთ-ერთი უმტკიცესი (?! - არქიეპ. პ.) და უადრესი დასტურია დასხმითი ნათლისღებისა" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 494). ამ სიტყვების წაკითხვისას როგორ არ უნდა აგიტყდეს ხარხარი ვერ წარმომიდგენია...

როგორია იორდანეზე "თითის წვერებით შემდგარი" მაცხოვარი? ან როგორია ამგვარი ნახატიდან იმ აზრის გამოტანა, რომ თურმე ეს "უმტკიცესი" დასტურია დასხმითი ნათლობისა?!

როგორია დასხმითი ნათლობის "უეჭველ" მტკიცებულებად წარმოდგენა იმგვარი ფრესკებისა და ნახატებისა, რომლებიც ურთიერთწინააღმდეგობითად გამოხატავენ ქრისტეს ნათლისღებას?! ანუ აბსოლუტურადგანსხვავებულად წარმოაჩენენ ქრისტეს ნათლისღებას?! ზოგან ქრისტე "თითის წვერებზე" დგას იორდანეზე, ზოგან "კოჭებამდე წყალში", ზოგან (მაგ. რავენას ბაპტისტერიუმების ფრესკებზე) წელამდე წყალში, ზოგანხმელეთზე დგას, და წყალი ესხმება თავზე სულწმიდისგან, ზოგან კი იოანე ნათლისმცემელისგან; ზოგან სულიწმიდა "ზეციურ წყალს" ასხამს ქრისტეს, ზოგან კი ნათლის სხივს ჰფენს... აი, ამგვარ მრავალსახოვნებას,რომელიც უეჭველად მხოლოდ სიმბოლური მხატვრობის (გნებავთ, ხატწერის) ენაა, ე. ჭელიძე წარმოაჩენს დასხმითი ნათლობის "უეჭველ" დასტურად და გამოხატულებად...

სასაცილოა ეს ყოველივე, სატირალი რომ არ იყოს!

მიზეზი, რომლის გამოც ე. ჭელიძე ასე უხეშად და პირიმიტიულად აღიქვამს როგორც პირველქრისტეანულ, ასევე მართლმადიდებლურ ხატმწერლობას, გახლავთ მის მიერ ქრისტეანული ხელოვნების ამ დარგის (ხატმწერლობის) პორტრეტული, ანუ ჟანრობრივი აღქმა. მაგრამ ხატი არც პორტრეტია და არც ჟანრობრივი სურათი, არამედ იდეალური კაცობრიობის წინასახე. ამიტომაც ხატი მხოლოდ მის სიმბოლურ გამოსახვას გვთავაზობს. ფიზიკური მოძრაობა ხატებზე მინიმუმამდეა დაყვანილი, სამაგიეროდ, განსაკუთრებული ხერხებით არის გადმოცემული სულის მოძრაობა -  სხეულის მდგომარეობით, ტანისამოსის ნაოჭებით, ფერით და რაც მთავარია - თვალებით. სწორედ მასშია თავმოყრილი ზნეობრივი ღვაწლის მთელი ძალა, სულის მთელი ძლიერება და ხორცზე მისი ბატონობის მთელი გამომხატველობა.

თუმცა, ე. ჭელიძის მიერ წარმოჩენილი გრაფიკული მაგალითების (და ასევე წერილობითი წყაროების) დასხმითი ნათლობის პრაქტიკის კანონიკურობის გამამართლებელ არგუმენტებად დასახვა შეიძლება გამოწვეული იყოს მისი არამართლმადიდებლური ცნობიერებით, რომელიც ლათინურ სხურებით- დასხმითი "ნათლობის" მხილებასა და უარყოფას ვერ ურიგდება. ასეა თუ ისე, ე. ჭელიძე ყოველ ღონეს ხმარობს, ოღონდ როგორმე გაამართლოს გაუმართლებელი და დასხმითი "ნათლობა" ეკლესიის ნორმატულ აქტად წარმოაჩინოს.



სანკტა სანკტორუმის კაპელის რელიქვარიუმი. VI ს. ვატიკანის მუზეუმი.
ფრაგმენტი. ხატზე კარგად ჩანს, რომ ქრისტე იორდანეში დგას მკერდამდე და არა კოჭებამდეю


"ნათლისღების ხატი, ადრინდელ ქრისტეანულ ძეგლებშიც გვხვდება. რომაული ტრადიციით ქრისტე აქ უწვერო ახალგაზრდად არის გამოსახული, როგორც ამას რავენას ერთ-ერთი ბაპტისტერიუმის მოზაიკაზე ვხედავთ. მაგრამ შემდგომში, ყველგან, საეკლესიო გადმოცემის თანხმიერად, ქრისტე უკვე წვერმოსილი გამოისახება. ... წყალში მდგომი მაცხოვრის თავზე ძველი დროიდანვე არსებობს ცის სეგმენტი, რომლიდანაც ქრისტეზე გადმოდის მტრედი - სულიწმიდის სიმბოლო და "სამების ნათლის" სხივები. მრავალ ძეგლში, წიგნების მინიატურებსა და ხატებზე ასევე გამოსახავენ უზენაესის მარჯვენას, რომელიც "ლაპარაკის ჟესტს" აღნიშნავს და ზეციურ ხმაზე მიანიშნებს. სწორედ ეს სიუჟეტია მიღებული ყველაზე მეტად რუსულ ხატებზე"(Крещение Господне - иконография. http://www.iakovlevskoe.ru/holydays/133-baprismikons)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

აღსანიშნავია, რომ "ლაკონურ იკონოგრაფიულ სქემასთან ერთად, ბიზანტიურ და ძველრუსულ ხელოვნებაში გავრცელებული იყო უფრო დეტალური გამოსახვაც. ასე, მაგალითად, ნოვგოროდის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში (1199 წ.) იორდანის ნაპირებზე გამოსახულნი არიან ადამიანები, რომლებიც ნათლისღების თავიანთი რიგის მოლოდინში ტანთ იხდიან,  ხოლო მაცხოვარი იორდანეში დგას კისრამდე" (იქვე) (ხატი იხ. ქვემოთ). საინტერესოა, რატომ მიმართავს ხატმწერი ამგვარ დეტალიზაციას, თუ მას იმისი მინიშნება არ სურს, რომ იოანესთან მისული ებრაელები იორდანეში სწორედაც რომ შთაფლვით ინათლებოდნენ და არა დასხმით?! რომ ასეთია წმიდა წერილის მოწმობა და ეკლესიის გადმოცემა?!



დიონისიატის მონასტერი, ათონი. სახარების მინიატურა. XI ს.

თუკი ჩაცმული იოანე ნათლისმცემელის დანახვაზე ე. ჭელიძე გახარებული ირწმუნება, რაკიღა იოანე ჩაცმულია, შთაფლვა გამორიცხულიაო... გახდილ მოსანათლავთა დანახვაზე რაღა უნდა თქვას? ნუთუ ისინი იმიტომ შიშვლდებოდნენ, რომ თავზე წყლის მცირედი რაოდენობა დაპკურებოდათ? რა საჭირო იყო ამისთვის გაშიშვლება?

ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ გრაფიკულ ნამუშევართა სათითაო და დეტალურ განხილვას აზრი არა აქვს, რამეთუ ისინი ატარებენ სიმბოლურ ხასიათს, რაც მათზე გამოსახული ნათლისღების სცენების ურთიერთგამომრიცხავი აღწერითაც წარმოჩინდება. იორდანეს წყლებში კოჭებამდე მდგომი მაცხოვრის ნათლისღების ეს განსხვავებული სცენები (სადაც განსხვავებულია სხვა ფიგურებიც) უფლის ნათლისღების გარეგან ფორმაზე კი არ მეტყველებენ, არამედ ზოგადად უფლის ნათლისღებაზე, იმაზე, რომ უფალი იორდანეში მოინათლა იოანე ნათლისმცემლისგან; რომ ამ დღეს, როგორც წმიდა ეკლესია დღესასწაულობს, იორდანეზე შეკრებილ ერს წმიდა სამების საიდუმლო განეცხადა. ამიტომაც, გრაფიკულ გამოსახულებებზე მსჯელობა აქ უნდა შევწყვიტოთ, რამეთუ ვფიქრობთ, საკმარისად წარმოვაჩინეთ ე. ჭელიძის გრაფიკულ გამოსახულებებთან დაკავშირებული ეშმაკობა.

გრაფიკულ გამოსახულებებზე მსჯელობის დასასრულ გვსურს, გამოვთქვათ მოსაზრება, თუ რისი სიმბოლო შეიძლება იყოს წყლის თავზე დასხმა, როდესაც ლაპარაკია იოანე ნათლისმცემლისგან ქრისტეს ნათლისღებაზე? - შესაძლოა, ეს იყო სიმბოლო იოანესეული, სინანულის ნათლობისა, ვინაიდან წყლის დასხმა, ძველ ტექსტებში სინანულის სიმბოლოდაც აღიქმება (მაგალითად, ჰერმესის "მწყემსში").

რადგან იოანესეული ნათლობა სინანულის ნათლობა გახლდათ, რატომ არ შეეძლო მხატვარს, ეს შინაარსი სწორედ დასხმითი ნათლობის აღსრულებით გამოეთქვა? ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ გამოსახულებებზე მინიშნებულია არა ფორმა იორდანეში ქრისტეს ნათლობისა, არამედ იოანე ნათლისმცემელის ნათლობის არსი, მისი დანიშნულება, ის ხომ სინანულის ნათლობის სახე იყო. მაგალითად, "ჰერმესის "მწყემსში", - წერსპროფ. ა. კატანსკი, - ყურადღებას იმსახურებს ხის მსგავსება (იხ. ჰერმესი. "მწყემსი". "მსგავსებანი"), რომელსაც ანგელოზი მიქაელი ტოტებს აჭრიდა და ხალხს ურიგებდა, შემდეგ კი მის მიერ დარიგებულ ტოტებს უკან ითხოვდა. მათ, რომელთა ტოტებიც ნაყოფით იყო დახუნძლული ან თუნდაც ნაყოფის გარეშე, მაგრამ მწვანე და დაუჭკნობელი ფოთოლი ჰქონდა, ანუ ისეთივე, როგორიც თავიდანვე მიეცათ, ანგელოზი ბეჭედს აძლევდა და კოშკში (ეკლესიის სიმბოლო - არქიეპ. პ.) აგზავნიდა, ხოლო სხვებს, რომელთა ტოტები სრულიად გამხმარი ან გაფუჭებული, ან კიდევ ნაწილ-ნაწილ დაზიანებული იყო, ანგელოზმა ტოტები გამოართვა და მწყემსს მიაბარა, რომელმაც ისინი მიწაში ჩარგო და წყლით მორწყა (suffundam eis aquam), რის შემდეგაც ამ ტოტებიდან ზოგიერთმა ნაყოფიც კი გამოისხა, ზოგიერთი კი კვლავ გამწვანდა. მწყემსის განმარტებით,ტოტების ეს ჩარგვა და მათი წყლით მორწყვა უკვე მონათლულ მორწმუნეთა სინანულზე მიანიშნებს"(Проф. Катанский. Догматическое учение о  семи церковных тайнствах в творениях древнейших отцев и писателей церкви до Оригена включительно. Историко-догматическое исследование. А. Катанского. С.-Петербург. 1877 г. стр. 61).

გარდა ამისა, შესაძლოა ეს იყოს თვით იორდანეში უფლის შთაფლვის, იორდანეს მიერ ქრისტეს დაფარვის სიმბოლოც, რადგან ზოგიერთ ხატზე იორსა და დანს (იორდანეს თავწყაროები, რომლებიც შემდეგ ერთდებიან. აქედან მოდის თვით მდინარე იორდანეს სახელწოდებაც) ცალ-ცალკე გამოსახავენ. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ხატზე ვხედავთ ორ ფიგურას, რომელთაც ხელში თასები უჭირავთ, საიდანაც წყლის ნაკადი იღვრება. ეს იორისა და დანის შენაკადების პერსონიფიცირებული გამოსახვაა. ამგვარი პერსონიფიცირებული გამოსახვა შეიძლება იყოს იოანე ნათლისმცემელის ხელით თასიდან გადმოღვრილი წყალიც, როგორც იორდანეში ქრისტეს ნათლობის (შთაფლვის) მინიშნება. თუმცა, ამგვარი გრაფიკული გამოსახულება (თასიდან მაცხოვრის ნათლისღება) იშვიათობაა. ასეა თუ ისე, აშკარაა, მაცხოვრის ნათლისღების ამსახველი პირველსაუკუნოვანი გრაფიკული გამოსახულებები ამ მოვლენას ასახავენ სიმბოლური და არა პირდაპირი მნიშვნელობით.



ხლუდოვის მონასტრის ფსალმუნი. IX ს. შუაწლები. ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი. უფლის ნათლისღება.
ზედა მარცხენა კუთხეში: ქრისტე იორდანეში შესულია კისრამდე.. ქვემოთ: იორი და დანი (პერსონიფიცირებული სახით).

რაც შეეხება წმინდანთა ან რიგით ქრისტეანთა ნათლისღების ამსახველ გრაფიკულ გამოსახულებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საქმე გვაქვს ან კონკრეტული წმინდანზე აღსრულებულ ნათლობასთან (რადგან ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი უკიდურესი შეჭირვების გამო სწორედ დასხმითად მოინათლა), ან კვლავ და კვლავ ნათლისღების საიდუმლოს სიმბოლურ გამოსახვასთან. და მსგავსი გამოსახულებების სიმრავლე ვერანაირად იქნება გამომხატველი იმისა, თითქოსდა ეკლესია პირველივე საუკუნეებიდან დასხმით ნათლობას ეკლესიურ ნორმად და მოციქულთაგან მიღებულ ჩვეულებად მიიჩნევდა. ამისი არც ერთი ისტორიული და კანონიკური წყარო არ არსებობს. წმიდა ეკლესია დასხმით ნათლობას, შთაფლვითი ნათლისღების მსგავსად, არსად, საერთოდ, არანაირად არ განმარტავს!

არსად, არც ერთ კანონიკურ სჯულდებით ძეგლში დასხმითი ნათლობა ნახსენებიც კი არ არის!

არასოდეს ეკლესიას დასხმითი ნათლობა არ დაუცავს კანონიკური განწესებებით ისე, როგორც იცავდა და იცავს შთაფლვით ნათლობას!


არსად, სადაც კი შთაფლვითი ნათლობის მოთხოვნაა მოცემული ან განმარტებული, ერთი სიტყვითაც კი არ არის ნახსენები დასხმითი ნათლისღება, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ ადასტურებს სწორედ იმ ჭეშმარიტებას, რომ დასხმით-პკურებითი ნათლობა არ არის ეკლესიის საიდუმლო და მას თუ მიმართავდნენ, მხოლოდ მართლაცდა უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.

უნდა დავეთანხმოთ კურსკისა და ბელგოროდის ეპისკოპოს მიხაილ ლუზინს, რომელმაც თავის ნაშრომში "О крещении чрез погружение и обливание" განაცხადა: "ყოველივე ჩვენ მიერ ნათქვამს მივყავართ დასკვნამდე, რომ ნათლისღების საიდუმლო უნდა აღსრულდეს შთაფლვით, რადგან შთაფლვით მოინათლა თვით ქრისტე იოანესგან, შთაფლვით ნათლავდნენ წმ. მოციქულნი, შთაფლვით აღესრულებოდა ეს საიდუმლო ძველ, საყოველთაო ეკლესიაში, და ბოლოს, შთაფლვით გამოიხატება ზუსტად ნათლისღების შინაგანი ძალი და ქმედება - ჩვენი სულიერი აღორძინება, ქრისტესთან ერთად თანადაფლვა და თანააღდგომა, როგორც ეს უკვე განიმარტა" (О крещении чрез погружение и обливание. 1855). თუმცა, ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ.

ახლა კი კვლავ პირველსაუკუნეთა გრაფიკულ გამოსახულებებს მივუბრუნდეთ, შევაჯამოთ ნათქვამი და კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ იორდანეში მაცხოვრის ნათლისღების ამსახველი ხატწერის განვითარებას პირველი საუკუნიდან გვიანდელ ეპოქამდე (თუნდაც XVII საუკუნემდე), რათა თვალნათლივ ვიხილოთ სიმბოლიზმის მნიშვნელობა დოგმატური შინაარსის მქონე მოვლენების ასახვისას.

"კატაკომბების ხელოვნება, - აღნიშნავს ხატმწერი და ხატმწერლობის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი ლ. ა. უსპენსკი თავის ცნობილ ნაშრომში "მართლმადიდებლური ეკლესიის ხატწერის ღვთისმეტყველება", -უპირველეს ყოვლისა სწავლა-მოძღვრებითია. ნახატების თემატიკა წმიდად სიმბოლურიც არის და სიუჟეტურიც, უმეტესწილად შეესაბამება ძველაღთქმისეულ, ახალაღთქმისეულ, საღვთისმსახურებო და წმიდა მამებისეულ წმიდა ტექსტებს. პირდაპირ გამოსახულებათა გვერდით პირველქრისტეანულ ეკლესიაში განსაკუთრებულად იყო გავრცელებული და განსაკუთრებულ როლს თამაშობდა სიმბოლოთა ენა. ეს სიმბოლიზმი, უპირველეს ყოვლისა, განიმარტება როგორც იმ ჭეშმარიტებათა გამოხატულება, რომლებიც არ ექვემდებარებიან პირდაპირ გამოსახვას.

მეორე მხრივ, წესი იყო, გარკვეულ დრომდე კათაკმეველთაგან დაეფარათ ძირითადი ქრისტეანული საიდუმლონი, რომლებიც წმიდა მამებმა დააწესეს და წმიდა წერილს ეფუძნებოდა. ... ასე რომ, ქრისტეანული სიმბოლიზმის აზრი თანდათანობით, ნათლობისათვის მათი მომზადებისდა კვალად, ეხსნებოდა სანათლავად გამზადებულთ. ამასთან, ეკლესიისა და მისი გარემომცველი სამყაროს ურთიერთდამოკიდებულება ასევე თავის სპეციფიკურ ენას ითხოვდა - წარმართული სამყაროსთვის წმიდა საიდუმლოებების გახსნა არ შედიოდა ქრისტეანთა ინტერესში.

პირველქრისტეანები, უპირველეს ყოვლისა, იყენებდნენ ბიბლიურ სიმბოლოებს, როგორიც არის კრავი, ნოეს კიდობანი და ა. შ. მაგრამ, როდესაც ეკლესიაში წარმართებიც შემოვიდნენ, ეს სიმბოლოები მათთვის უცხო და ნაკლებად გასაგები გახდა. მაშინ, წარმართები ჭეშმარიტების შეცნობისკენ რომ მოეზიდა, ეკლესიამ ზოგიერთი წარმართული სიმბოლო შეიწყნარა, რათა ქრისტეანული სწავლების ზოგიერთი ნიუანსის გადმოცემა შეძლებოდა. მაგრამ, იღებდა რა ამ სიმბოლოებს, ეკლესია უარყოფდა მათ წარმართულ შინაარსს, და აძლევდა იმ თავდაპირველ, ღრმა აზრს, რომელიც მოცემული დროისთვის დაკარგული იყო და მას ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმის გამოსახატავად იყენებდა" (Леонид Александрович Успенский. /Богословие иконы православной церкви. III. Первохристианское искусство. http://nesusvet.narod.ru/ico/books/ouspensky/ouspensky_03.htm#b4) (URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

ზემოთ პროფ. პიპერის განმარტებაზე დაფუძნებით უკვე აღვნიშნეთ, თუ რატომ ვხედავთ იორდანეში ქრისტეს ნათლისღების ამსახველ გრაფიკულ გამოსახულებებსა და გვიანდელ ხატმწერლობით ნიმუშებზე იორდანეს წყლის დონის ამაღლებას, სადაც მაცხოვარი უკვე კისრამდე წყალში დგას და აშკარად უფლის შთაფვლითი ნათლობის მიმანიშნებელია. მაგრამ იორდანეს წყლის დონე არ არის ერთადერთი დეტალი ნათლისღების ხატებზე, რომელმაც, პირველივე საუკუნეებიდან მოყოლებული, ცვალებადობა განიცადა, უფრო დაიხვეწა და დოგმატური გამოხატულების მხრივ დაკონკრეტდა. ამის საჩვენებლად მოკლედ მიმოვიხილოთ უფლის ნათლისღების გამოსახვის განვითარება და პრინციპები.

კატაკომბურ გრაფიკულ გამოსახულებებზე, ნათლისღების სცენებში ქრისტე ხშირად გამოისახება ყრმად ან უწვერო ყმაწვილად. რადგან ამ პერიოდში ქრისტეს იკონოგრაფია ჯერაც მუშავდება და მისი საბოლოო კანონიკური გამოსახულება მოგვიანებით დაწესდა. ქრისტეს ხატის ამგვარი გამოსახვა სრულიად ბუნებრივია. ახალგაზრდა, უწვერო, სასწაულთმოქმედი "ყმაწვილი ღმერთის" სახე გასაგები იყო ანტიკურ კულტურაში გაზრდილი ადამიანისთვის, რადგან ამგვარი გადმოცემა ტრადიციულად ღვთაების მარადიულობის იდეას ასახავდა.




უძველესი ესპანური ფიალა, რომელზეც გამოსახულია უწვერული ქრისტე. იესუ გამოსახულია ორ მოციქულთან ერთად. შავარაუდოდ, ესენი უნდა იყვნენ პეტრე და პავლე. "კომპოზიციის მონაწილენი დგანან ზეციურ სფეროზე, ორივე მხრიდან გარს აკრავთ პალმის ხეები, რომლებიც უკვდავებისა და განახლებული ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენენ", - აღნიშნულია პუბლიკაციაში რომელსაც ABC აქვეყნებს. როგორც ესპანური El Mundo აღნიშნავს, ქრისტეს გამოსახულება ძლიერ განსხვავდება გვიანდელი გამოსახულებებისგან: მას აქ წვერი არა აქვს დაგამოსახულია მოკლე თმითა და ფილოსოფოსის შესამოსელით.

ქვემოთ, ნათლისღების ხატის ცენტრში ვხედავთ იესუ ქრისტეს და იოანე ნათლისმცემელს (იხ. ქვემოთ). ქრისტე დგას წყლის ფონზე, როგორც გამოქვაბულში. ასეთი გამოხატვა მოწმობს იმაზე, რომ ნათლისღების დროს, შთაიფლა არა ქრისტეს მხოლოდ ნაწილი, არამედ მთელი სხეული - ქრისტეს დამარხვის ნიშნად, რადგან ნათლისღება, ამავე დროს, მიანიშნებს სიკვდილს მომავალი ცხოვრებისთვის. ხატის სიმბოლური ენა ასევე გადმოგვცემს იმ აზრს, რომ საკუთარ თავზე იღებს ცოდვებს სოფლისა და "შეიმოსება წყლებით იორდანისა" (რუს. ლიტურგიკულ ტექსტებში: "Покрывается водами Иордана").



ხორას (კაჰრიე-ჯამი) მონასტრის მოზაიკა კონსტანტინოპოლში. 1316- 1321 წ. სტამბული. თურქეთი.

იმის ნიშნად, რომ ნათლოლბის აღსრულების ინიციატივა ეკუთვნის ქრისტეს, რომ ის, მეუფე, თვით მოვიდა იოანესთან და ითხოვა ნათლისღება, თითქმის ყველგან გამოსახულია, როგორ მოდის მაცხოვარი იოანესკენ ან ისე, რომ მიემართება იოანესკენ და ამავე დროს ხრის, თავს მის ხელქვეშ.

"მარჯვენა ხელით მაცხოვარი აკურთხებს მის დამფლველ იორდანეს და საკუთარი შთაფლვით განწმენდს მის წყლებს, აკურთხებს წყლის სტიქიას. ამიერიდან წყალი სიკვდილის კი არა, შობისა და ახალი ცხოვრების სიმბოლოა. ამიტომაც ნათლისღების ადრექრისტეანულ, კატაკომბურ გამოსახულებებზე მაცხოვარი და საერთოდ, ნათელღებულნი ხშირად გამოისახებიან სიყრმის ასაკში. ადამიანის ასაკი პირველქრისტეანობაში აითვლებოდა არა ხორციელი, ბუნებრივი, არამედ მადლისმიერი შობიდან - ნათლისღების მომენტიდან. ამიტომაც, კატაკომბებში დაკრძალულ ქრისტეანთა მრავალ საფლავზე აღნიშნულია სიყრმის ასაკი, თუმცა, კუბოს და საფლავის ზომით თუ ვიმსჯელებთ, მათში სრულიად ზრდასრული ადამიანები არიან დაკრძალულნი" (Мария Хорькова. Читаем икону Крещения. http://www.taday.ru/text/28068.html)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

ხატების უმეტეს ნაწილში მაცხოვარი სრულიად შიშველი გამოისახება: ნათლისღების ხატი, საღმრთისმსახურებო ტექსტებთან შესაბამისად, ხაზს უსვამს კენოზისს, დამცირებას, მისი ღვთაებრიობის "დაკლებას". ამასთანავე, გამოიკვეთება ამ კენოზისის მიზანიც - განშიშვლებით ქრისტე ადამის მადლისგან განშიშვლებას აჩენს, მაგრამ ამავდროულად მთელ კაცობრიობას დიდებისა და უხრწნელობის სამოსით მოსავს. ხატის ზედა ნაწილში გამოსახულია წრე (გახსნილი ზეცის სიმბოლო, რომელიც, როგორც ოდესღაც სამოთხე, დაიკეტა კაცთათვის ადამის შეცოდების გამო), მისგან იღვრება მაცხოვნებელი ნათელი მტრედის სახით გარდამომავალ სულიწმიდასთან ერთად. ამავე დროს ეს დეტალი სიმბოლურად მიანიშნებს მამა ღმერთის მუნმყოფობას.

იმის სასარგებლოდ, რომ ფრესკა ნამდვილად წარმოადგენს სწორედ მაცხოვრის ნათლისღების სცენას, მეტყველებს მტრედის სახით სულიწმიდის გამოსახვაც. ნათლისმცემლის ხელი მაცხოვრის თავზე  არის დეტალი, რომელიც აღებულია ნათლისღების საიდუმლოს შესრულების პრაქტიკიდან. სახარებაში არ არის ნათქვამი, დაადო თუ არა იოანემ ხელი მაცხოვარს თავზე, მაგრამ, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო, დასამახსოვრებელი საღმრთისმსახურებო ჟესტი, ის იკონოგრაფიულ სქემაშიც ჩართულია. სხვა ადრექრისტეანულ ძეგლებში, მაგალითად, მილანის სახარების გარეკანზე, რომელიც სპილოს ძვლისგან არის დამზადებული, შეიძლება ვნახოთ იოანე ნათლისმცემლისა და ქრისტეს ფიგურების განსხვავებული მასშტაბები.



სახარების მოჭედილობა. დუომოს საგანძური, მილანი, იტალია. ფრაგმენტი. V ს. 2- ე ნახევარი

"ნათლისმცემელმა ქრისტეზე თქვა: "მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად" (იოანე 3:30). შესაძლოა, ფიგურათა მასშტაბის თავისებურება - ეს იყოს ვუალირებული (შენიღბული - არქიეპ. პ.) მეთოდი იოანეს იმ წინასწარმეტყველებისა, რომ მან თავისი მისია აღასრულა, მისი ქადაგება დედამიწაზე დასასრულს უახლოვდება, მას ელოდება შეპყრობა და სიკვდილი, მაშინ, როდესაც მაცხოვრის ქადაგება მხოლოდ ახლა იწყება.

V საუკუნის შუა წლებში ქალაქ რავენას ორი ბაპტისტერიუმის (ერთი არიანულია, მეორე კი მართლმადიდებლური - არქიეპ. პ.) მდინარის წყლებში ჩნდება ნახევრად შიშველი მოხუცი, ჭაღარა კაცის გამოსახულება, რომელსაც ხელში ტოტი უჭირავს. ეს არის მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია.



რავენას (იტალია) არიანული ბაპტისტერიუმის თაღის მოზაიკა. V ს. მიწურული

ადრინდელ პერიოდში მსგავსი გამოსახულებები ხელოვნებაში გვხვდება იმპერიის უფრო ელინიზებულ ოლქებში, იქ, სადაც არსებობდა ჩვეულება, განყენებულად აღექვათ ასეთი ალეგორიული დეტალები. აღმოსავლეთ ოლქებში, სადაც ხელოვნება ცდილობდა, დაეცვა პრინციპი, რომელსაც შეიძლება თავისებური "ისტორიზმი" ან "რეალიზმი" ვუწოდოთ, არარსებული პერსონაჟები არ გამოისახებოდნენ, მით უმეტეს ისეთები, რომლებიც სავსე იყო სტიქიათა სულების სიმბოლოებით (ნაიადებით, დრიადებით, ფავნებით) და რომლებსაც შეეძლო, გამოეწვია წარმართულ მითოლოგიათა ასოციაციები.  



ეჩმიაძინის სახარების მინიატურა. VI ს. მატერნადარანის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი. ერევანი. სომხეთი.

ბიზანტიური ეპოქის ხელოვნებაში თანდათანობით მიღწეულ იქნა განსაზღვრული კომპრომისი. მოხუცი, რომელიც იორდანეს სიმბოლოს წარმოადგენს, გამოისახებოდა. მეტიც, გვიანბიზანტიურ პერიოდში დაემატა ქალის ფიგურაც (რომელიც ზოგჯერ ზურგზე აზის დელფინს) - ეს ზღვის სიმბოლოა. ორივე ეს ფიგურა მოგვიანებით რავენას "სისხლსავსე" პერსონიფიკაციებთან შედარებით ძლიერ დაპატარავდა და ორივე მათგანმა კომპოზიციებში ქვედა, მეორეხარისხოვანი ზონა დაიკავა. ხშირად ისინი ძლივს შესამჩნევიც კია მდინარის წყლებში, რადგან, მდინარის ფერის შესაბამისად, ცისფრად გამოისახებიან. ამ ორი პერსონაჟის ერთად განთავსება ასახავს 113-ე ფსალმუნის სიტყვებს, რომლებშიც დაფარულად არის მინიშნება უფლის ნათლისღებაზე და ნათქვამია: "ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ" (ფსალმ. 113:3) (Надежда Нефедова. Крещение Господне - иконы, фрески, мозаики. http://www.pravmir.ru/kreshhenie-gospodne-ikony-freski-mozaiki)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

"სხვათა შორის, არსებობს მათი წარმოშობის სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეს არის საზეიმო ღვთისმსახურების ძველაღთქმისეული ტექსტის ილუსტრაცია, რომელიც წარმოადგენს ნათლისღების წინასწარმეტყველურ გამოხატულებას (მამაკაცის ფიგურა - იორდანეს ალეგორიაა (ფსალმ. 113:3), ხოლო დედაკაცისა - ებრაელთა მეწამულ ზღვაში გასვლის). სხვა ვერსიით - ეს ფიგურები გამოხატავს 113-ე ფსალმუნის სიტყვებს: "რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?" (ფსალმ. 113:5). ზოგჯერ იორდანეს წყლებში გამოისახება გველიც, რომელიც არის 73-ე ფსალმუნის 13-ე მუხლის გამოხატულება, სადაც ნათქვამია: "შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა" (ფსალმ. 73:13).

საღმრთისმსახურებო ტექსტები ახსენებენ ანგელოზებსაც, რომლებიც ესწრებოდნენ ნათლისღებას, მაგრამ არაფერია ნათქვამი მათ როლზე. აქედან მომდინარეობს ნათლისღების ხატზე მათი როლის გადმოცემის განსხვავებული გაგება. გვიანდელ ხატებზე მათ ხელში უჭირავთ გადასაფარებლები, რაც მიუთითებს მათ მსახურებაზე ნათლისღებისას - ისინი მზად არიან დაფარონ წყლიდან ამოსული ქრისტეს სხეული. სხვა შემთხვევაში, ანგელოზებს ხელთ უპყრიათ ქიტონი, რაც უფლის წინაშე მოწიწების ნიშანია. მიიჩნევა. ასეთი სახე ნასესხებია აღმოსავლური ჩვეულებიდან, რომელიც ბიზანტიის სამეფო კარის ეტიკეტშიც შედიოდა: საგნები, რომლებიც უნდა გადაეცათ იმპერატორისთვის, დაფარული, შემოსილი ხელებით უნდა მიეღოთ, რაც მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიიჩნეოდა. ზოგიერთ ხატზე ვხედავთ ადამიანებსაც, რომლებიც ნათლისღებისთვის ემზადებიან, ასევე იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებსაც" (Мария Хорькова. Читаем икону Крещения. http://www.taday.ru/text/28068.html)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).

"უფლის განცხადების ჩვენამდე მოსული ყველაზე უადრესი ხატია დაფაზე შესრულებული სცენა, რომელიც წარმოადგენს რელიქვარიუმის თავსახურავს - ეს თავსახური რომში, სანკტა სანკტორიუმის კაპელაში იპოვეს. ნიმუში შექმნილია VI საუკუნეში, იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, შესაძლოა პალესტინაში.



სანკტა სანკტორუმის კაპელის რელიქვარიუმი. VI ს. ვატიკანის მუზეუმი. ფრაგმენტი.

ქრისტე, სახარების შესაბამისად, გამოსახულია მოწიფულ მამაკაცად, ჩავარდნილი ლოყებით ან საფეთქლებით და წვერით. მის აქეთ-იქით ორი ანგელოზია, იოანე ნათლისმცემელი და მოციქულები: ანდრია და იოანე. მაცხოვრის თავზე დაწერილია სულიწმიდა მტრედის სახით, რომელიც მამა ღმერთის მარჯვენისგან მოფრინავს. მარჯვენის ხატი შესაძლებლობას გვაძლევს, გადავწყვიტოთ ზეცითგან გაჟღერებული მამის გამოუსახველი ხმის ("ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3:17)) გამოსახვის რთული ამოცანა.

ადრექრისტეანულ, შემდეგ კი ბიზანტიურ ხელოვნებას ნათლისღების ასახვისას ახასიათებს ქრისტეს განშიშვლებული გამოსახვა. მოცემულ შემთხვევაში სიშიშვლე არ წარმოადგენს ელინისტური ტრადიციის გამოძახილს. ქრისტეს განშიშვლებული გამოსახვა დამახასიათებელია არა მარტო იმ ოლქების მხატვრულ ნაწარმოებებში, რომლებსაც შიშველი სხეულის გამოსახვის უძველესი ტრადიციები, არამედ სირიულ-პალესტინური რეგიონებისთვისაც, რომელთაც ასეთი ტრადიცია არ ჰქონდათ და ყოველთვის უფრო "მკაცრნი" იყვნენ. ქრისტე განშიშვლებულად გამოისახება, როგორც ადამი ედემის ბაღში. ამით ხაზი გაესმება იმ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე ახალი ადამია, სრული ღმერთკაცია, რომელიც მოვიდა, რათა დაიხსნას კაცთა მოდგმა ცოდვისა და სიკვდილისგან. მხოლოდ XV საუკუნის ნაწარმოებებიდან იწყება ქრისტეს შემოსვა წელს ქვემოთ.



XIV ს. პირველი ნახევარი. ხატების გალერეა ოხრიდში

შუაბიზანტიური დროის ნაწარმოებებში ძლიერდება გამოსახულების თხრობითი ასპექტი. მაგალითად, ოსიოს ლუკასის ტაძრის მოზაიკაზე გამოსახულია ხე და ცული -  მითითება წინამორბედის წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ბრძანებს: "რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას" (ახ. ქართ. თარგმ.: "ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა") (მათე 3:10).



ოსიოს ლუკასის მონასტრის ტაძრის მოზაიკა. XI ს. 30- იანი წლები. საბერძნეთი

კომპოზიციის აღვსება მეორეხარისხოვანი დეტალებით მას უფრო დანაწევრებულ, მრავლისმთქმელ, "ხმაურიან" ასპექტში წარმოაჩენს. ორი მოციქულისა და ანგელოზების გარდა იწყებენ იოანესთან მოსული ადამიანების გამოსახვასაც. ზოგიერთი ნაპირზე ტანთ იხდის, სხვები უკვე ცურავენ იორდანეში. მრავალ ხატზე წყლებში დგაფუნობენ არა მარტო თევზები, არამედ ყრმებიც.

მაგრამ XIV საუკუნეში შექმნილ ხატზე, რომელიც ბელგრადის ეროვნულ მუზეუმშია დაცული, ზეციური სეგმენტის ფონზე გამოსახულნი არიან ანგელოზთა ძალნი და გაღებული კარიბჭენი, რაც, მხატვრის ჩანაფიქრით, უნდა წარმოადგენდეს სახარების სიტყვებს ზეცის გაღებაზე. მთების მწვერვალებზე დაწერილია ორი მცირე ფიგურა, რომლებსაც ჭურჭელი უჭირავთ. ამ ჭურჭლიდან რომელთაგანაც წყლები იღვრება. ეს იორისა და დანის გამოხატულებაა, რომლებიც, როგორც გადმოცემა ამბობს, ერთდებოდნენ და წარმოქმნიდნენ მდინარე იორდანეს" (Надежда Нефедова. Крещение Господне - иконы, фрески, мозаики. http://www.pravmir.ru/kreshhenie-gospodne-ikony-freski-mozaiki)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 11.07.2020).



ქრისტეს ნათლისღების ხატი. XIV ს. ბელგრადის ეროვნული მუზეუმი

ამრიგად, იორდანეში უფლის ნათლისღების პირველსაუკუნეობრივი გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც ე. ჭელიძემ მაცხოვრის (და ზოგადად, ნათლისღების) დასხმითად ნათლობის "უტყუარ" მტკიცებულებებად წარმოგვიდგინა, სინამდვილეში სიმბოლურად იორდანეში უფლის შთაფლვითად ნათლისცემას გამოხატავენ. იორდანეში მაცხოვრის შთაფლვითად ნათლობის ისტორიული და დოგმატური ჭეშმარიტება გვიანდელ ხატმწერლობაში უფრო ზუსტად და სრულყოფილად გამოისახება.

იორდანეში უფლის შთაფვლითად ნათლისღებას გვასწავლიან მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები, საეკლესიო კრებები და საღვთისმეტყველო განმარტებები.

და ბოლოს, ის ფაქტი, რომ მაცხოვარი იორდანეში სწორედ შთაფლვით მოინათლა და არა დასხმით, დასტურდება თვით მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკით, ლიტურგიკული ღვთისმეტყველებით, როდესაც უფლის განცხადების დღეს მრავალ ტაძარში, სადაც კი ეს დღესასწაული აღესრულება, მღვდელი ან ეპისკოპოსი "იორდანეში" (ასე იწოდება ემბაზში ჩასხმული წყალი იმ დღეს, ასევე მდინარეები და სხვა წყალსაცავები, რომლებშიც დიდი აიაზმის კურთხევა აღესრულება) შთაფლავს მართლმადიდებლურ ჯვარს, რომელიც თავისთავად ქრისტეს სიმბოლოა. მეტიც, იორდანეში უფლის  შთაფლვით ნათლისღების ნიშნად და იმ რწმენით, რომ ამ დღეს ნაკურთხ წყალსაცავს სასწაულმოქმედი და მაკურნებელი ძალი ენიჭება, მორწმუნენი, იოანე ნათლისმცემელის მიერ იორდანეში ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს შთაფლვისა და მით წყლის სტიქიის კურთხევის ნიშნად ნაკურთხ წყალსაცავებში თვითონაც განიბანებიან.

ახლა კი ე. ჭელიძის ზემოთ განხილული "მიამიტური" განმარტებებიდან გადავიდეთ უფრო "სერიოზულ", "საღვთისმეტყველო" მსჯელობებზე და ვნახოთ, იქნებ, აქ პოვებს ხელმოცარული "მეცნიერი" რაიმეს დასხმითი ნათლობის გასამართლებლად.
16
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому